გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს

გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 ივნისს სუამ-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა – მოლდოვა უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე, კიშინიოვში, ქართველი კოლეგა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა დღეს პირადად მიიწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სახელით დაადასტურა მოლდოვას თავმჯდომარეობის პერიოდში აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა, რათა ხელი შეეწყოს სუამ-ის ფარგლებში პროექტების განვითარებას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და რეფორმებზე, რომელსაც ორი ქვეყანა ახორციელებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას საერთო, დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ მისწრაფებებს და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას. საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე. ამ კონტექსტში, აღინიშნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები