გიორგი კვირიკაშვილი-“ჯილდო” არის საჯარო სამსახურში წახალისების ახალი მექანიზმის სახელი

გიორგი კვირიკაშვილი-“ჯილდო” არის საჯარო სამსახურში წახალისების ახალი მექანიზმის სახელი

“ჯილდო” არის საჯარო სამსახურში წახალისების ახალი მექანიზმის სახელი. პარლამენტი განიხილავს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს (იხილეთ დოკუმენტი) რომლის მიხედვითაც უქმდება პრემიის ინსტიტუტი და მას მსგავსი შინაარსის მქონე მექანიზმი “ჯილდო” ანაცვლებს.

რა სხვაობაა ჯილდოსა და პრემიას შორის:

კანონპროექტის მიხედვით, “ჯილდოს” მოხელე მისი დამსახურებისთვის იღებს. “ჯილდოს” მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წლის განმავლობაში გასაცემი ხელფასის 10%-ს. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია ამაზე დიდი ჯილდოს გაცემაც, თუმცა მას მთავრობის თანხმობა ესაჭიროება.

რა პრემია/დანამატებს იღებს დღეს მთავრობა?

2016 წელს საჯარო მოხელეთა სახელფასო ფონდი 1.4 მილიარდი ლარი იყო, თუმცა რეალურად ბიუროკრატიის შენახვა ამაზე ძვირი დაჯდა, რადგანაც მოხელეები ხელფასებთან ერეთად პრემიებსა და დანამატებსაც იღებენ. 2016 წელს მთავრობაში 300 მილიონ ლარზე მეტი პრემია/დანამატი გაიცა.

2014-2016 წლებში საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიების და დანამატების დინამიკა ასე გამოიყურება:

  • 2014 – პრემია 106 მილიონი ლარი, დანამატი 182 მილიონი ლარი
  • 2015 – პრემია 73 მილიონი ლარი, დანამატი 230 მილიონი ლარი
  • 2016 – პრემია 67 მილიონი ლარი, დანამატი 251 მილიონი ლარი

რა იცვლება დანამატებთან მიმართებით:

2017 წლის პირველი ივლისიდან ქვეყანაში ამოქმედდა მოხელეთა კლასიფიკაციის 12 კლასის შესახებ პრემიერმინისტრის მიერ გამოცემული დადგენილება. კანონპროექტი ამ დადგენილებით განსაზღვრული 12 კლასის შესაბამისად ითვალისწინებს ყოველთვიური დანამატების გაცემას. ყველაზე მაღალი, მეთორმეტე კლასის საჯარო მოხელეები ყოველთვიურად ხელფასის 15%-ის ოდენობის დანამატებს მიიღებენ.

მოხელის რანგები და მათთან მიმაგრებული ყოველთვიური  დანამატები ასე გამოიყურება:

  1. კლასი – საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი, დანამატი 1%
  2. კლასი – საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი, დანმატი 2%
  3. კლასი – საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი, დანამატი 3%
  4. კლასი – საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი, დანამატი 4%
  5. კლასი – საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი, დანამატი 5%
  6. კლასი – საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი, დანმატი 6%
  7. კლასი – მესამე კლასის მრჩეველი, დანამატი 7%
  8. კლასი – მეორე კლასის მრჩეველი, დანამატი 8%
  9. კლასი – პირველი კლასის მრჩეველი, დანამატი 9%
  10. კლასი – სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 10%
  11. კლასი – პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 12%
  12. კლასი – ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 15%

ამავე კანონპროექტით პრემიები უქმდება და მას ახალი მექანიზმი “ჯილდო” ანაცვლებს, ჯილდოს მოცულობა წელიწადში გასაცემი ხელფასის 10%-ზე მაღალი არ უნდა იყოს. ასევე იცვლება დანამატების გაცემის წესი.

საკლასო დანამატთან ერთად გარკვეული სახეცვლილებით შენარჩუნდება დანამატების გაცემის არსებული სისტემა, ეს კი ნიშნავს რომ საჯარო მოხელეები აიღებენ ორი ტიპის დანამატს, პირველი მათ კლასთან იქნება მიბმული, მეორე კი მათ დამსახურებასთან (მაგალითად ზეგანაკვეთური სამუშაო).

როგორ მუშაობს საჯარო მოხელეების კლასებად დაყოფის სისტემა:

დადგენილების მიხედვით:

  1. მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს.
  2. მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ვინ ანიჭებს კლასებს გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოცემული დადგენილების მიხედვით:

  • მოხელეს მოხელის კლასი ენიჭება მოხელის შეფასების შედეგების  მიხედვით.
  • პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ
  • მე-7 კლასიდან  მე-12 კლასის ჩათვლით  – საუკეთესო შეფასებით წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 2 წელიწადში ერთხელ
  • მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.

დადგენილება ამ მოხელეთათვის “საკლასო დანამატების” გაცემას ითვალისწინებს.

2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოში 115 ათასი საჯარო მოსამსახურეა, ამ დროისთვის უცნობია მათგან რა ნაწილს რა კლასი მიენიჭება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები