გიორგი კვირიკაშვილი – EBRD-ისგან მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო არის ლიდერი

გიორგი კვირიკაშვილი – EBRD-ისგან მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო არის ლიდერი

EBRD-ისგან მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო არის ლიდერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ევრობანკის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში.

„მინდა მივესალმო ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს მეგობარს, სერ სუმა ჩაკრაბარტის და დიდი მადლობა გადავუხადო მას ვიზიტისთვის. იგი უკვე მესამედ იმყოფება საქართველოში, რაც მისი განსაკუთრებული მხარდაჭერის დადასტურებაა.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და ასევე სამომავლო პერსპექტივები.

მოგეხსენებათ, EBRD არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. საქართველოსა და EBRD-ის შორის თანამშრომლობა უკვე ითვლის 25-წლიან ისტორიას. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბანკის 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. ეს ნამდვილად არის უპრეცედენტო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საქართველოს თანამშრომლობის ისტორიაში. EBRD-ისგან მიღებული მხარდაჭერის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო არის ლიდერი.

ბანკის მიერ დაფინანსდა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტები ისეთ სექტორებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. უმნიშვნელოვანესია EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციები კერძო სექტორში. ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა გამოიხატება იმაშიც, რომ EBRD ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს მისი პრიორიტეტული მიზნების მიღწევაში. ძალიან მნიშვნელოვანია ევრობანკის მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. ბანკის ახალი სტრატეგია ორიენტირებულია სწორედ ოთხპუნქტიანი გეგმის მხარდაჭერაზე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, EBRD აქტიურად ნერგავს ნოვატორულ პროდუქტებს საქართველოს ეკონომიკაში.

„ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს შორის ხაზგასასმელია EBRD-ის მიერ ადგილობრივ ბაზარზე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისია. აღნიშნულმა ინიციატივამ სტიმული მისცა სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად.
გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მოხდა საერთაშორისო ბაზარზე ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რამაც ასევე მისცა სტიმული სხვა ორგანიზაციებს. აღნიშნული პროდუქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის ზრდის მხარდასაჭერისა და საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა EBRD-ის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და განაცხადა, რომ ბანკის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერაა.

„ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია EBRD-ის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მხარდამჭერი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკებს მიეცათ შესაძლებლობა, ბიზნესის დაფინანსება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. ეს პროექტი ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს გახლავთ ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია 110 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფა ლარში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გარდა საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსებისა, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო EBRD-ის მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმების პროცესში.

„მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ მმართველობითი რეფორმა, რომლის მიზანია ინკლუზიური მმართველობის პრინციპების დანერგვა, როდესაც მთავრობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, კერძო სექტორთან და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციას აწარმოებს. სწორედ ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო EBRD-ის მხარდაჭერა ინვესტორთა საბჭოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. საბჭოს ფორმატში, მთავრობა, ბიზნესსექტორთან ერთად, განიხილავს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ სისტემურ საკითხებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციისათვის EBRD-ის მხარდაჭერით თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რომელიც განკუთვნილია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

„ასევე, დაგეგმილია ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენა. ელექტროავტობუსების პროექტი იქნება პირველი ამგვარი პროექტი EBRD-ის დააფინანსებით და ასევე პირველი ასეთი პროექტი რეგიონში.

ბანკის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საფინანსო სექტორის განვითარება და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერაა, რაც ასევე, ჩვენი რეფორმების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

EBRD-ის მხარდაჭერით შეიქმნა კერძო-საჯარო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩო, ე.წ PPP ჩარჩო-დოკუმენტი და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმის ერთობლივად განხორციელება.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში, EBRD გამოვიდა ინიციატივით, სხვა დონორებთან ერთად დაეხმაროს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის კომპონენტში, რათა შეიქმნას კომერციული პალატების სისტემა და მოხდეს მოსამართლეების პროფესიული მომზადება კომერციული პალატების სისტემისათვის. დარწმუნებული ვარ, უკვე მიღწეული წარმატებებები მომავალი ეფექტური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება.

მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სუმას, EBRD-ის გუნდს, ასევე – EBRD-ის ადგილობრივ ოფისს გაწეული სამუშაოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალში კიდევ უფრო ამბიციური და ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს საქართველოს განვითარებაში EBRD-თან ერთად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები