გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენი სასამართლო სისტემა გაუმჯობესებას მოითხოვს, თუმცა, ვვითარდებით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ხუთი წლის წინ მემკვიდრეობით გვერგო

გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენი სასამართლო სისტემა გაუმჯობესებას მოითხოვს, თუმცა, ვვითარდებით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ხუთი წლის წინ მემკვიდრეობით გვერგო

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაცილებით უფრო დამოუკიდებელია, ხოლო მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების პრინციპი აბსოლუტურად განსხვავდება ადრე არსებულისაგან.

”პირველ რიგში, არასდროს მითქვამს, რომ მივაღწიეთ დონეს, რომლითაც შეგვიძლია, აბსოლუტურად კმაყოფილები ვიყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს წინ დიდი გზაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ადმინისტრაციამ, პარტნიორების და პირველ რიგში, აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებით, სასამართლო სისტემის რეფორმის სამი ტალღა განახორციელა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაცილებით უფრო დამოუკიდებელია; შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების პრინციპი აბსოლუტურად განსხვავდება ადრე არსებულისგან; გარდა ამისა, ამჟამად ვახდენთ საკანონმდებლო რეფორმების მესამე ტალღის იმპლემენტაციას, რაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის დონეს კიდევ უფრო გაზრდის.

სულ ახლახან, ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში, სადაც წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის, EBRD, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, ადგილობრივი ბიზნესასოციაციების ლიდერები, ჩვენ წარმოვადგინეთ ინიციატივა, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას კომერციული პალატები, რომელთა ფარგლებში დატრენინგდებიან მოსამართლეები, რათა განიხილონ საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი კომერციული საქმეები; გაიზრდება მოსამართლეთა კვალიფიკაცია ბიზნესთან დაკავშირებული საქმეების განსახილველად, რაც დრამატულად შეცვლის სურათს. არ ვამბობ, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა იდეალურია, გაუმჯობესებას მოითხოვს ძალიან ბევრი საკითხი, თუმცა, ვვითარდებით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ხუთი წლის წინ მემკვიდრეობის სახით გვერგო. იმ პერიოდში ჩვენს წინააღმდეგ, ყოველწლიურად 350-ზე მეტი საქმე სტრასბურგის სასამართლოში იგზავნებოდა, დღეს ეს ციფრი 70-ზე ნაკლებია, რაც ნორვეგიის მსგავსი შედეგია. არ მინდა ვთქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ნორვეგიის დონეს მივაღწიეთ, მაგრამ ტენდენცია მკვეთრად პოზიტიურია. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ტენდენციის გაგრძელება თანმიმდევრული გზით ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი კითხვა ბიზნესკლიმატს შეეხებოდა, რაც, ისევ და ისევ, ბევრ კომპონენტს მოიცავს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ჩვენ მეასე ადგილზე ქვემოთ ვიყავით, ახლა კი, თუ არ ვცდები, მსოფლიოს მასშტაბით 44-ე პოზიციაზე ვართ. ეს რადიკალური ცვლილებაა. ეს ბიზნესის წარმოების სიმარტივეს შეეხება – მინდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით, ჩვენი პოზიციები, ძირითადად, წინა ადმინისტრაციის დროს გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათ მიღწევებს ვაფასებთ, თუმცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მაკროეკონომიკური გარემოს მაჩვენებლებით, ხუთი წლის წინ ჩვენ ვიყავით 137-ე ადგილზე. დღეს კი ვართ მე-40 ადგილზე, ანუ 97 ადგილით გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიცია. ეს კი ცხადყოფს, რომ მთლიანობაში ქვეყანაში გაუმჯობესებაა. შეუძლებელია ყველაფრის შეცვლა ერთ დღეში. როგორც ჩვენ უკვე ვახსენეთ მრავალფეროვნების მიზანშეწონილობის შესახებ დისკუსიაში, მე მტკიცედ ვემხრობი იმ აზრს, რომ მრავალფეროვნება აუცილებელია. იდენტობის მიღება არის ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველო. მეორეს მხრივ, პოლიტიკოსებმა თვალი უნდა გაუსწორონ საზოგადოებაში დღეს არსებულ წარმოდგენებს. ასე რომ, ყველაფერს ერთდროულად ვერ შევერკინებით. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი საზოგადოების გვერდით და ვიმუშაოთ მისი წინსვლის გზებზე”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები