გიორგი კახიანი: ჩვენ სპექტაკლებისთვის არ გვცალია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და, საბედნიეროდ, აქამდე ყველაფერი კარგად და ეფექტურად მიმდინარეობს

გიორგი კახიანი: ჩვენ სპექტაკლებისთვის არ გვცალია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და, საბედნიეროდ, აქამდე ყველაფერი კარგად და ეფექტურად მიმდინარეობს

როცა საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლზე საუბრობს ოპოზიცია, ეს აბსურდული და კომიკურია, რადგან ამ მოწვევის პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით არის საუკეთესო, განსხვავებით წინა მოწვევის პარლამენტებისგან, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი პარლამენტისგან, როცა ეს მექანიზმი საერთოდ არ არსებობდა”, – ამის შესახებ ტვ „რუსთავი 2″-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრება არ შეჩერებულა და გრძელდება, თუმცა არა იმ პირობებსა და ვითარებაში, როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე იყო.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არის ქვეყანაში გამოცხადებული და, შესაბამისად, საგანგებო რეჟიმში ფუნქციონირებს პარლამენტიც. როცა ოპოზიცია ითხოვს, ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგეს საპარლამენტო საქმიანობა, კონსტიტუციაში მაინც წაიკითხონ, რა წერია მასში. იმისათვის, რომ პარლამენტი საქმიანობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეს, საგანგებო მდგომარეობა უნდა მოიხსნას.მოგეხსენებათ, რომ მოვდევნო 2 კვირის განმავლობაში გადავდივართ ყველაზე მძიმე ეტაპზე. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, გავრცელების ყველაზე მაღალი პერიოდი დგება. და სწორედ დღეს აცხადებს ოპოზიცია, რომ ბოიკოტის რეჟიმს წყვეტს. ანუ გამოდის, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და თურმე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ახლა კი, როცა ყველაზე მძიმე კრიზისულ ეტაპზე გადავდივართ, ახლა გაახსენდათ საპარლამენტო კონტროლი და ჩვეულებრივ საპარლამენტო ცხოვრებაზე გადასვლა”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი განმარტებით, კრიზისთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დღესაც პარლამენტის წევრების უშუალო მონაწილეობით მიიღება. მისი თქმით, იმ საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელიც დღეს კრიზისის მართვის მთავარი ერთეულია, არიან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები.

„ეკონომიკური საბჭოს მუშაობაში, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეეობი არიან ჩართულნი. მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ოლქებში ყოველდღიურად მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან. ჯანდაცვის კომიტეტის წევრები, კლინიკა არ არის დარჩენილი საქართველოში, რომ არ მისულიყვნენ და არ შეემოწმებინათ, რა მდგომარეობაა თითოეულში “, -აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის ყველა პარლამენტი დღეს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და არა მარტო საქართველო.

მისი მოსაზრებით, ოპოზიციას კონსრუქციულ პროცესში ჩართვა კი არ სურს, არამედ ეს პროცესი პოლიტიკური სპექტაკლების მოსაწყობად სჭირდება.

„ჩვენ სპექტაკლებისთვის არ გვცალია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და, საბედნიეროდ, აქამდე ყველაფერი კარგად და ეფექტურად მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები