გიორგი კაკაურიძე-„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემოსულობების ნაწილი 95 მილიონი ლარით იზრდება და საერთო ჯამში, 12 მილიარდ 393 მილიონი ლარით განისაზღვრება“

გიორგი კაკაურიძე-„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემოსულობების ნაწილი 95 მილიონი ლარით იზრდება და საერთო ჯამში, 12 მილიარდ 393 მილიონი ლარით განისაზღვრება“

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემოსულობების ნაწილი 95 მილიონი ლარით იზრდება და საერთო ჯამში, 12 მილიარდ 393 მილიონი ლარით განისაზღვრება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს განუცხადა.
მინისტრის მოადგილემ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელი სხდომის წევრებს გააცნო.
კაკაურიძის განმარტებით, პროექტის პირველად ვარიანტში მოდიფიცირებული დეფიციტი 3,3 პროცენტი იყო, გადამუშავებულ ვერსიაში კი 3 პროცენტია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია.
„შემოსავლების ხარჯზე შემოსულობების ნაწილი – 95 მილიონი ლარით იზრდება, რაც ორი წყაროსგან არის. ესაა გრანტები, რომელიც გაზრდილია 70 მილიონი ლარით, ხოლო სხვა შემოსავლები გაზრდილია – 25 მილიონი ლარით. 2018 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი – 12 მილიარდ 393 მილიონი ლარით განისაზღვრება. წინა ვერსიასთან შედარებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38,8 მილიონი ლარით გაზრდილია და წარმოდგენილი ვერსიით, 12 მილიარდ 403,3 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიით, რამდენიმე უწყებას დაფინანსება ეზრდება.
„წინა ვარიანტთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება ერთი მილიონი ლარით გაიზარდა, თანხები თამბაქოსა და შრომის ინსპექტირების კუთხით დამატებითი რესურსის გამოყოფას დაემატა და საერთო ჯამში, სამი მილიარდ 528 მილიონ ლარს შეადგენს. განათლების სამინისტროს სამი მილიონი ლარი დაემატა, რომელიც პროფესიულ განათლებაზე მიემართა და საერთო ჯამში, მილიარდ 181,8 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე, 10 მილიონი ლარით გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაც და ეს თანხა მთლიანად გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დასაფინანსებლად. ოთხი მილიონი ლარი დაემატა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და 118 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, ცალკე პროგრამად არის გამოყოფილი დიასპორის პოლიტიკა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მილიონ 400 ლარია გათვალისწინებული“, – აღნიშნა კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 14,5 მილიონი ლარით დაფინანსება გაეზარდა კულტურის სამინისტროსაც და საერთო ჯამში, 131 მილიონ ლარს შეადგენს.
„1,5 მილიონი ლარი კინემატოგრაფიის პროექტების დაფინანსებას დაემატა, ხოლო დანარჩენი კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის დაფინანსებაზეა გათვალისწინებული, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში დასრულდება. სპორტის სამინისტროს დაფინანსება სამი მილიონი ლარით არის გაზრდილი და 168 მილიონ ლარს შეადგენს. ეს თანხა სხვადასხვა ფედერაციაზე და სპორტის უნივერსიტეტზე იქნა გადანაწილებული. გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება სამი მილიონი ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში, 46 მილიონი ლარი იქნება. კომიტეტის შენიშვნები ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და საშტატო ერთეულების დამატება მოხდა“, – განაცხადა კაკაურიძემ.
პარლამენტი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს, ხოლო რეგლამენტის შესაბამისად, დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები