გიორგი გახარია: თუ ვინმეს შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად მივიდნენ, იქ სადაც ეს საჭიროა

გიორგი გახარია: თუ ვინმეს შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად მივიდნენ, იქ სადაც ეს საჭიროა

“თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და იქ დაგვეხმარონ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუხის მრავალპროფილურ კლინიკასთან, ტესტებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტესტებთან დაკავშირებით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ტესტებზე და საერთოდ მედიცინასთან ახლოსაც არ გაუვლიათ.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის შემდეგი რამ და დღეს თუ საქართველო სხვებთან შედარებით ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს. როცა ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი, ჩვენ ვუსმენთ არა პოლიტიკოსებს, არამედ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ. როდესაც მოქალაქეების პირდაპირ, მიზნობრივ დახმარებაზეა საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და  არავის ასეთი სიტყვიერი რჩევა, რასაც მე ჭორაობას დავარქმევდი, არ გვჭირდება”, – აღნიშნა პრემიერმა.
​მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, როდის წარადგენს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას და აღნიშნა, რომ გეგმა აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და გააზრებულია, მისი ნაწილი უკვე წარდგენილია, ხოლო მომდევნო ნაწილს მთავრობა მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები