გიორგი გახარია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა

გიორგი გახარია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ივანე ჯავახიშვილისა და პირველი რექტორის – პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას და მათი საფლავები თაიგულით შეამკო.

პრემიერმა უნივერსიტეტის დაარსების 103 წლისთავი მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა უნივერსიტეტელს და აღნიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა.

გიორგი გახარია, მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ასევე გაეცნო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის მეთაურმა ე.წ ჭკვიანი დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები დაათვალიერა. 10 ჭკვიანი დაფა (ე.წ. სმარტ ბორდი), რაც დისტანციური სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის გამოიყენება, ყველა სასწავლო კორპუსში განთავსდა და ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად ფონდმა „ქართუ“ გადასცა.

უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე განხორციელდა შენობის გამაგრების სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპზე კი ეწყობა სახანძრო და გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. სულ რემონტდება 25 000 კვ.მ. ფართობი.

სარემონტო სამუშაოები, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ ჯამში 27 მილიონი ლარით დააფინანსა, მიმდინარე წელს დასრულდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული. 2023 წლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი, ისტორიული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის 10 მილიონი აშშ დოლარით ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. სარემონტო სამუშაოებისას, რომელიც 2008-2011 წლებში მიმდინარეობდა, პირველი კორპუსში შეიცვალა სახურავი, გადახურვა და ფანჯრები, წყლის სისტემები, დამონტაჟდა გათბობის სისტემები, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, განათებები, დამონტაჟდა ლიფტი, ფასადს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. თსუ-ს პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში, სააქტო და საგამოფენო დარბაზებში მოეწყო კონდიცირების სისტემები, ასევე – კეთილმოეწყო შიდა ეზო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები