გიორგი გახარია სისხლის სამართლის პოლიტიკაზე – გამკაცრება არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია ეფექტურობა

გიორგი გახარია სისხლის სამართლის პოლიტიკაზე – გამკაცრება არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია ეფექტურობა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია ,,იმედის” პირდაპირ ეთერში სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებებზე ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა, აპირებს თუ არა ის ჰუმანური პოლიტიკის შეცვლას, რაზეც გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დანაშაულის რამდენიმე მიმართულებით საჭიროა პოლიტიკის კორექტირება და  მზადაა ამ საკითხზე ყველა მხარესთან ისაუბროს, თუმცა დანაშაულთან ბრძოლას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებების დაცვა შესაბამისი სტანდარტის არ იქნება.

,,ქვეყანაში არსებობს დანაშაულის რამდენიმე წყარო, ორგანიზებული დანაშაული, ეს არის კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც დღესაც ჩვენთვის გამოწვევაა და დანაშაული, რომელიც მოტივირებულია ნარკოდამოკიდებულებით და სხვა სოციალურად მოტივირებული დანაშაულით.  ეს ის განზომილებებია სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ჩენ გვჭირდება სისხლის სამართლის პოლიტიკის გარკვეული კორექტირება. ეს არის ის გზავნილი. რომელსაც დღეს ჩვენ პირველად ვაჟღერებთ და ვამბობთ, რომ ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ამ ერთი წლის განმავლობაში, გვაძლევს საშუალებას დავსხდეთ და ღრმა ანალიზის საფუძველზე დავიწყოთ მსჯელობა ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციასთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

გამკაცრება როგორც ასეთი, არ არის თვითმიზანი – ჩვენთვის მიზანია ეფექტურობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც შეიცვალა და უნდა შეცვლილიყო, რა თქმა უნდა, სწორედ შეიცვალა.  ჰუმანურობა არის მისასალმებელი და ჩვენ ამ გზას უნდა დავაგდეთ.  არანაირ წარმატებას დანაშაულთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვა არ შევინარჩუნეთ შესაბამის სტანდარტზე. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტურობის ნაწილში, ისეთ გამოვლენილ დანაშაულთან როგორიც არის ქურდობა, ოჯახური ძალადობა, კრიმინალური მენტალიტეტი -სადაც ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები შევთავაზეთ პარლამენტს, ზოგი უკვე მივიღეთ ზოგის განხორციელების პროცესში ვართ -ეს არის უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული სურათი და გზავნილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალების დონეზე ხედავს, სწორად აფასებს სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ვახორციელებთ იმისთვის, რომ ის რისკები ,რომლებიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აქვს, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ეს მსუბუქი, წვრილმანი დანაშაულია თუ რამე სხვა სახის, ჩვენთვის ეს არის პრობლემა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების პრობლემა და ის აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები