გიორგი გახარია – სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არ გვყავს

გიორგი გახარია – სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არ გვყავს

ე.წ. სტამბოლოს ბაზრის დირექტორისა და ყოფილი პარლამენტარის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს პერიოდში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გუშინ შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი.

„ეს გახლავთ მაღალი პროფესიული დონის რამდენიმე სპეციალისტი, საკმაოდ დიდი ჯუფია, რომლებიც უკვე გუშინ ჩაერთნენ გამოძიების პროცესში. საქმეზე გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს პერიოდში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს. მე გუშინც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – მესმის, რომ ეს არის რეზონანსული საქმე და ხვალინდელი დღიდან საგამოძიებო ჯგუფი იქნება ღია საზოგადოებასთან ურთიერთოების ჭრილში და რა თქმა უნდა, ინფორმაცია იქნება გაზიარებული აბსოლუტურად ღიად. ხვალ-ზეგ საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი იქნება დასრულებული და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებთ საზოგადოებასთან“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია თუ არა ერთი პირი, გიორგი გახარიას განცხადებით, „კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არ გვყავს“.

რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები