გიორგი გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, თითოეულს, მე პირადად და მთავრობა დაუდგება გვერდში

გიორგი გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, თითოეულს, მე პირადად და მთავრობა დაუდგება გვერდში

“დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოში გლობალური გამოწვევა. თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან რაიმე კიდე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს – ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, მე გპირდებით პირადად, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, მთავრობა მაქსიმალურად გვერდით დაუდგება.
„ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, იქნება ეს სასურსათო პროგრამები, თუ ინდუსტრიული წარმოებები, თითოეულ მათგანს მე, პირადად, და მთავრობა დაუდგება გვერდში. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ფოთის პორტის განვითარება არის შეზღუდული, მაქსიმუმ, განვითარდეს, დაახლოებით, 6 მლნ დამატებითი ტონით, ფიზიკურად იქ არ არის მეტი ადგილი, რაც ნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც 100 მლნ დამატებით ტონაზე იყო გათვლილი, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტი. ამიტომ, ვისაც უნდა განავითაროს ანაკლია, მოიტანოს დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ მას გავუკეთებთ ყველაფერს. ფოთმა რა ვალდებულებაც აიღო -დამატებითი ტვირთების მოზიდვის და სიმძლავრეების შექმნა, უნდა განახორციელოს 2 წელში. ფოთის პორტის ვალდებულებაა, უახლოესი 2 წლის განმავლობაში 350 მლნ დოლარის ინვესტირება და, მინიმუმ, მშენებლობის ეტაპზე 1500 სამუშაო ადგილის შექმნა. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, დავუდგები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით ამ თემაზე სასაუბროდ”,- აღნიშნა პრემიერმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები