გიორგი გახარია: ოკუპაციასთან ბრძოლას რეალური საქმე სჭირდება და არა პოპულისტური გამოხტომები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თითოეული მოქალაქისთვის ზიანი მოაქვს

გიორგი გახარია: ოკუპაციასთან ბრძოლას რეალური საქმე სჭირდება და არა პოპულისტური გამოხტომები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თითოეული მოქალაქისთვის ზიანი მოაქვს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, საპარლამენტო სიტყვით გამოსვლისას, მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ქვეყნის ოკუპაციის პრობლემას.
მისი განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი.

„ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე ძირითადი გამოწვევა არის ოკუპაცია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, ყოველთვის, აქვე, ხაზგასმით უნდა ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის 20% პროცენტი არის ოკუპირებული, რომ ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული, რომ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20% არის ოკუპირებული. ამაშია ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოებისა და ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი. ამ მიმართულებით, ჩვენ ვიქნებით ცივი გონებით, უაღრესად პრინციპულები, იმისთვის, რომ პირველ რიგში, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ღირსება, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზს მიღმა და დავიცვათ იმ მოქალაქეების ინტერესი, რომლებიც დღეს, ჩვენი საზოგადოების ნაწილს – დევნილებს წარმოადგენენ. ჩვენ აქ ერთმნიშვნელოვნად ვეცდებით, რომ მოვახერხოთ სადამკვირვებლო მისიის, მათი ძირითადი მანდატის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ძირითადი ამოცანა და ეს არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევქმნათ ელემენტარული, საბაზისო ადამიანის უფლებების დაცვა, იქ, სადაც დღეს ჩვენ მოქალაქეებს საკუთარ ენაზე განათლების მიღების საშუალებაც არა აქვთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაციასთან ბრძოლას სჭირდება რეალური საქმე. ამ საქმეს ჩვენ მაგივრად არავინ  გააკეთებს და პოპულისტური გამოხტომები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, ზიანი მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის, რომლებიც ან დევნილის სახით, ან საოკუპაციო ხაზს მიღმა, ან თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების რომელ ფრთას წარმოადგენენ – თითოეული ჩვენი სიტყვა, თითოეული ჩვენი განცხადება, ქმედება შეიძლება აისახოს იმ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ და პროვოკაციული ქმედებები, პოპულისტური, უპასუხისმგებლო – ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა დავასრულოთ,  თუ ამოვდივართ ქვეყნისა და ამ ადამიანების ინტერესებიდან“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები