გიორგი გახარია: ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული

გიორგი გახარია: ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული

„ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული“, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის” ფორმატში, ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.
გიორგი გახარიას განცხადებით, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ეფექტურობაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც აღიარეს.
“მინდა, ხაზი გავუსვა რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან მიღწევას. რისკების შეფასების სისტემამ ოჯახური ძალადობის ნაწილში და, ასევე, შემაკავებელმა ორდერებმა მოგვცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი და შედეგი. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაიზარდა და, თუ არ ვცდები, 6000-ს გადაცდა, მაგრამ ეს არ არის შედეგი. შედეგი არის ის, რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული ქვეყანაში. არცერთი შემთხვევა ყოფილა 2018 წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში, რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას დროებითი მოთავსების იზოლატორებზეც ისაუბრა.
,,დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურა განვითარდა – თითქმის, ყველგან ჩატარდა სარემონტო სამუშაოები; გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რაზეც წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა; გაიზარდა ვიდეოკამერების რაოდენობა; გაიზარდა ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა.
ამ ყველაფერს კი მოჰყვა შესაბამისი შეფასება ,CPT-ს დასკვნებშიც ჩვენ ეს წინასწარი პოზიტიური გამოხმაურება უკვე გვაქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები