გიორგი გახარია – ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას

გიორგი გახარია – ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2019 წელი საკმაოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე წელი იყო. თუმცა, მისივე თქმით, ამ წლის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული მიღწევებიც ჰქონდათ.

გიორგი გახარიამ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში.

ამასთან, გახარიას თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი, როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის და ყველამ ერთად უნდა იზრუნოს ქვეყანაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ყველამ ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის მოქმედ და ყოფილ წევრებს 2019 წელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მათ სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

„მინდა, თითეულ თქვენგანს, საქართველოს მთავრობის ყველა წევრს გადაგიხადოთ მადლობა უაღრესად მნიშვნელოვანი გაწეული სამუშაოსთვის. მინდა, ჩვენს იმ კოლეგებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც იყვნენ ამ კაბინეტის, ამ მთავრობის წევრები, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან არ არიან. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს 2019 წელს დაწყებული შრომისთვის და მინდა, თითეულ თქვენგანს მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში და ქვეყნის განვითარებაში“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები