გიორგი გახარია 18 ივნისს მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში

გიორგი გახარია 18 ივნისს მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია 18 ივნისს მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანლობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურები მონაწილეობენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგი ევროკავშირის ინიციატივით დაიგეგმა. ღონისძიებაზე უმაღლეს დონეზე შეჯამდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და განხილული იქნება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დინამიკა, პრიორიტეტები და მისი გაღრმავების პერსპექტივები. ლიდერები ასევე შეეხებიან კოვიდ-19-ის პანდემიასა და ზომებს.

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ისაუბრებს საქართველოს პროგრესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ჩატარება 18 ივნისს ბრიუსელში იგეგმებოდა, თუმცა, გლობალური პანდემიის გამო სამიტი 2021 წლის დასაწყისში გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები