გიორგი გაჩეჩილაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ შეფერხდება, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება

გიორგი გაჩეჩილაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ შეფერხდება, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ შეფერხდება, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება.

მისი თქმით, კონგრესმენებისა და სენატორის პოზიცია საყურადღებოა, თუმცა, სენატორ როჯერ ვიკერის წერილთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობის საკითხი დგას.

„სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან არ შეფერხდება და არც პრობლემა ექნება, პირიქით, უფრო გაძლიერდება, რადგან კიდევ დამატებით ორმხრივი სტრატეგიული ინტერესები გაჩნდა. უბრალოდ, საყურადღებოა მეგობარი კონგრესმენების და სენატორის პოზიცია, თუმცა ეს ბოლო წერილი რომ ვნახე, ცოტა გამიკვირდა, რადგან ალბათ აქ არაინფორმირებულობის საკითხი დგას. როგორ შეიძლება საქართველოზე ილაპარაკო, რომ საქართველოში არის მედიის პრობლემები ან გამოხატვის თავისუფლებას ექმნება პრობლემები. ამიტომ, მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების.

საქართველოში 2020 წელს არჩევნები დემოკრატიულად, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებლის მონაწილეობით ჩატარდება. რომც მოინდომონ, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ვფიქრობ, საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ჩვენს მეგობრებთან შეერთებულ შტატებში, რადგან ისინი ინფორმირებულები არ არიან. ქვეყანაში არც პოლიტიკური დევნაა. ყველა დამნაშავეს პასუხი უნდა მოეკითხოს“ ,- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე სენატის წევრ როჯერ ვიკერისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო. მისივე თქმით, წერილი გასული წლის დეკემბრით თარიღდება და ის არ გასაჯაროვებულა. სალომე სამადაშვილმა საზოგადოებას წერილის შინაარსი გააცნო.

წერილში როჯერ ვიკერი იმ პროგრესს მიესალმება, რომელსაც ქვეყანამ ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწია, თუმცა სენატორი ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები