გია ჟორჟოლიანი: აშკარაა, ეს იყო პარლამენტის შტურმით აღების ღამე, ეს იყო მცდელობა, რომ ძალადობის მეშვეობით, ხელისუფლება ცალკეულ ჯგუფებს ჩაეგდოთ ხელში

გია ჟორჟოლიანი: აშკარაა, ეს იყო პარლამენტის შტურმით აღების ღამე, ეს იყო მცდელობა, რომ ძალადობის მეშვეობით, ხელისუფლება ცალკეულ ჯგუფებს ჩაეგდოთ ხელში

დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა, პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის წევრების კანდიდატებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, აშკარაა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტზე მიტანილი შტურმით, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას ჰქონდა ადგილი. მისი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” გარკვეულ დეტალებზე საუბრით, შინაარსის იგნორირებას ცდილობს.

„ჩვენ ვიმყოფებით ექსტრაორდინარულ ვითარებაში. ეს არის ის ვითარება, რომელიც, მიჯნასავით რომ ავიღოთ, არის 20-21 ივნისის მოვლენები. ერთი კვირის წინ, პარლამენტის სხდომაზე, სპეციალურად გავაკეთე განცხადება, მოვუწოდე უმრავლესობის წევრებს, რომ ტერმინებს „გავრილოვის ღამე“ და ა. შ – ნუ ვიყენებთ. ე.ი. ეს არ არის უბრალო რამ, სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. ეს არის მცდელობა იმისა, რომ შინაარსი, არა მხოლოდ იმ ღამისა, არამედ იმ პროცესისა, რომელიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება მცდელობები, იყოს იგნორირებული. თითქოს აქ ლაპარაკია იმაზე, რომ აქ პოლიციელმა დაარღვია, არ დაარღვია ვიღაცამ, სად დაჯდა ეს და ა.შ. რომელიღაცა დელეგაციის, რომელიღაც წევრი და ა.შ. ამაზე არ არის ლაპარაკი.

ძალიან აშკარაა ყველაფერი, რომ ეს იყო პარლამენტის შტურმით აღების ღამე და ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ძალაუფლება, ძალის მეშვეობით, ხელისუფლება, ძალადობის მეშვეობით, ჩაეგდოთ ხელში ცალკეულ ჯგუფებს. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა მაინც იყო გადატრიალებისა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციებით, ხალხმა კიდევ უფრო კარგად დაინახა – და დღევანდელი განწყობა აშკარად აჩვენებს იმას – რომ ამას საზოგადოებრივი მხარდაჭერა ცხადია, არ ექნება, ძალიან ვიწრო ჯგუფის გარდა. მაგრამ ასეთ პროვოკაციებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს და თუ ეს პროვოკაციები ჩვენ გვაიძულებს, რომ ამაზე კი არ ვილაპარაკოთ, აქ რაღაცა საბაბები ვეძებოთ და მერე იმ საბაბებზე დისკუსიას მოვუნდეთ, სინამდვილეში, ხელიდან გაგვექცევა ის რეალობა, რომელიც არის გასაანალიზებელი.

ამ ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ეს პერსონალური ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და რაც ეყრდნობა ვითარებაში შექმნილ რეალობას, არის გადადგმული ნაბიჯი წესრიგისა და სტაბილურობისკენ. ეს არის აუცილებელი პირობა,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები