გია ვოლსკი: როცა გინდა, ეპატაჟური მიჭრით თავი დაანახო ვინმეს პოლიტიკურ ველზე, ეს არ არის კარგი

გია ვოლსკი: როცა გინდა, ეპატაჟური მიჭრით თავი დაანახო ვინმეს პოლიტიკურ ველზე, ეს არ არის კარგი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ კონფერენციაზე ეპატაჟური მისვლა იმისათვის, რომ ვინმეს თავი დაამახსოვრო, არც პოლიტიკური ძალისთვის და არც ქვეყნისთვის კარგი არ არის.
„არ აქვს მნიშვნელობა, „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა, როცა გინდა, ასეთი ხმამაღალი, ეპატაჟური მიჭრით თავი დაანახო ვინმეს პოლიტიკურ ველზე, ეს არ არის კარგი და მომგებიანი არც იმ პოლიტიკური ძალისთვის და არც ქვეყნისთვის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“, მიმდინარეობს, ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები