გია ვოლსკი გარეჯის საქმეზე: არსებობს საქართველოს ინტერესი და ამ ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები

გია ვოლსკი გარეჯის საქმეზე: არსებობს საქართველოს ინტერესი და ამ ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაში, არანაირი რუსული კვალი არ არსებობს, არამედ არსებობს საქართველოს ინტერესი და საქართველოს ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები.

„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ვერსიები ქვეყნდება, მათ შორის, კონკრეტული საინფორმაციო საშუალებებით, რომ თითქოს აქ იგრძნობა რუსული კვალი. ამ სისულელით უნდათ გადაფარვა იმ რეალობის და იმ მძიმე სურათის, რაც შექმნეს თავადვე და იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საქართველოსთვის მიკუთვნებისთვის რა გზა და რესურსი არსებობს, მთელი ძალები გადასროლილია იქეთ, რომ როგორმე რუსული კვალი მოძებნონ და მთავარი თემიდან გადაიტანონ საკითხი სულ სხვა რაკურსში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არანაირი რუსული კვალი არ არსებობს. აქ არსებობს საქართველოს ინტერესი და არსებობს საქართველოს ინტერესისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები და მათი მედია საშუალებები“.

ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ასევე გამოეხმაურა წინა ხელისუფლების მიერ 307-ე მუხლის გაუქმების საკითხსა, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.

მისი განცხადებით, ამ საკითხზე პასუხი უნდა გასცენ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მაშინ ქვეყანას მართავდნენ.

„წინასწარ ხელაღებით საუბარი იმაზე, რომ სამშობლოს ღალატის მუხლის გაუქმება უკავშირდება პირდაპირ დავით გარეჯს, არ შეიძლება, მაგრამ ფაქტი არის ძალიან მძიმე. მოხდა უბედურება, ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა ტელევიზიებით და ოფიციალური საშუალებებით განაცხადეს, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს და სულ ცოტა ხანში მოხდა იმ კანონის გაუქმება, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს მე არ უნდა ვპასუხობდე. უნდა პასუხობდეს იმ პერიოდის პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ძალები, ვინც ამ ქვეყანას მართავდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები