გია აბაშიძე: შს მინისტრი უნდა გადამდგარიყო მაშინ, თუ დესტრუქციული, რევანშისტული ძალა პარლამენტში შეიჭრებოდა

გია აბაშიძე: შს მინისტრი უნდა გადამდგარიყო მაშინ, თუ დესტრუქციული, რევანშისტული ძალა პარლამენტში შეიჭრებოდა

„შს მინისტრი უნდა გადამდგარიყო მაშინ, თუ დესტრუქციული, რევანშისტული ძალა პარლამენტში შეიჭრებოდა“, – ეს განცხადება ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას, ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუ „პირისპირში“ გააკეთა.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, „ევროპაში ან ამერიკაში, როდესაც ხდება ძალადობა სახელმწიფოზე, მათ წარმომადგენლებზე, პოლიციელებზე, ხდება ადეკვატური პასუხი და ეს პასუხი არის ძალისმიერი, ბუნებრივია. სხვაგვარად ვერ მოხდება თავდასხმის მოგერიება და აღკვეთა, ეს არის პოლიციელის, პოლიციელთა უშუალო მოვალეობა“.
მისი თქმით, საზოგადოება, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ძალადობის წამქეზებლებიც და, ასევე, სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებიც უნდა გამოიძიონ.
„რამდენიმე წლის წინათ, ამერიკაში ქალმა თეთრ სახლთან გაიარა, თეთრი სახლის მიდამოებში უსაფრთხოების ჯებირი გადალახა და არ დაემორჩილა დაცვის სამსახურის მოთხოვნებს. გაიქცა, კონგრესამდე სდიეს და სამწუხაროდ, ეს ქალი პირდაპირ დამიზნებით, რამდენიმე ოფიცერმა მანქანაში ჩაცხრილა კონგრესთან. ბავშვი იჯდა მანქანაში და, საბედნიეროდ, გადარჩა. პოლიციელი იმისთვის არის დაქირავებული, რომ მან აიტანოს ტკივილი, თავდასხმა, მაგრამ გარკვეულწილად ყველაფრის მოთმენა არ შეიძლება და უნდა აღიკვეთოს გავეშებული. ჩვენ ვხედავთ გავეშებულ შეტევებს ათენში იქნება თუ სხვა ქალაქში, გავეშებულ შეტევებს ყოველთვის პასუხობენ ძალით და ეს ძალა მტკივნეულია, ბუნებრივია. რასაკვირველია, საზოგადოება თანხმდება როგორც საქართველოში, ისე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში და საელჩოების განცხადებებიც ვნახეთ, რომ ძალადობის წამქეზებლებიც უნდა გამოიძიონ და უნდა გამოიძიონ, ასევე, ისინი, ვინც, სავარაუდოდ, თავის უფლებამოსილებას, თავისი მოვალეობის შესრულებისას გადაამეტა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ უნდა გადამდგარიყო, თუ პარლამენტში რევანშისტული ძალა შეიჭრებოდა და ამის აღკვეთა ვერ მოხდებოდა.
„საზოგადოება თანხმდება, რომ, თუ დესტრუქციული, რევანშისტული ძალა პარლამენტში შეიჭრებოდა, შეიჭრებოდა ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოში, მაშინ უნდა გადამდგარიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, გვარს არ აქვს მნიშვნელობა. ახლა უნდა გამოვიძიოთ ის, რაც მოხდა, სავარაუდო გადამეტება მოხდა ბუნებრივად თუ ზოგან შეიძლება ეს მიზანმიმართული იყო. პროცესი გამჭვირვალეა, ჩართულია სახალხო დამცველის ოფისი და ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენ, ყველა, ვიმეორებთ იმას, რაც თქვა მინისტრმა გახარიამ, გადავდგები, როდესაც ქვეყანას ავაცილებ დესტრუქციულ და ქვეყნის „აყირავების“ მცდელობებს. ამასთანავე, ბოლომდე გამოვიძიებ, რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ წააქეზა შტურმისთვის და ვინ გამოიყენა საბოლოოდ გადამეტებული ძალა“,- აღნიშნა აბაშიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები