გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიაჩნია, რომ  ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მკვლელობის საქმეში მხოლოდ ერთი ბრალდებულის არსებობის შესახებ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის რეპუტაციის შელახვას ემსახურება. ამის შესახებ ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

„გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია, დამატებით 2 პირისთვის ბრალის წარდგენის შესახებ.

პროკურატურის განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ სამივე ბრალდებულმა, წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2018 წლის 22 დეკემბრის განცხადების მიხედვით, გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების და მოწმეების დამატებითი გამოკითხვის საფუძველზე, ე.მ.-ს მიმართ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

(საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238’ მუხლის მე-2 ნაწილით).
ასევე, ამავე მუხლით, ბრალი წარედგინა დამატებით 2 პირს, რ.კ.-ს და ს.მ.-ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს ს.მ.-ს და ე.მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქისიანთან. მათ, მეგობარ რ.კ.ს-თან ერთად დაგეგმეს სარქისიანის განზრახ მკვლელობა. რ.კ.-მ, ე.მ.-მ და ს.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით, მოკვლის მიზნით, სამივე მათგანმა დანებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს გევორქ სარქისიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიღებული დაზიანებების შედეგად, სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2018 წლის 12 ივლისს მომხდარი გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების პირველ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ე.მ.-ს, განზრახ მკვლელობის მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) წარედგინა ბრალი, ხოლო 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკვალიფიცირდა“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები