გენდერული თანასწორობის შესახებ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

გენდერული თანასწორობის შესახებ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფიო ჯაფარიძე 5 მარტს, 09:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასის” საკონფერენციო დარბაზში, გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების თემაზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციას გახსნის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტები ლატვიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და სერბეთიდან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონფერენციაზე, რომლის მთავარი განსახილველი საკითხია ეროვნული მექანიზმების როლი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაში, ასევე სიტყვით გამოვა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.

კონფერენცია პროექტის – „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად” ორგანიზებით ტარდება და მასში, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის,  გაეროს სააგენტოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი – “ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად” 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის მაისში დასრულდება. მთავარი კონტრაქტორია NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. პროექტის მთავარი პარტნიორი და ბენეფიციარია გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. პროექტის პარტნიორები არიან – ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.

პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით; სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა; ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის.

პროექტის სამიზნე რეგიონებია თბილისი, გორი და ზესტაფონი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები