„გედი ფოფხაძე უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ელოდება და ეს ამხანაგური სასამართლოები ძალიან უხერხულია“-ეკა ბესელია

„გედი ფოფხაძე უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ელოდება და ეს ამხანაგური სასამართლოები ძალიან უხერხულია“-ეკა ბესელია

„გედი ფოფხაძე უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ელოდება და ეს ამხანაგური სასამართლოები ძალიან უხერხულია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.
ამასთან, ეკა ბესელია განმარტავს რომ გედი ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა.
“გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა და ნურავის ნუ ეჩქარება ეს პროცესი. მე მგონია, რომ ვისაც ძალიან ეჩქარება, სულ ტყუილად, მოცდა მოუწევს. მე არ მომწონს ასეთ საკითხებზე საჯარო დისკუსიები. ეს ამხანაგური სასამართლოებიც ძალიან უხერხულია, ამიტომ ამას ყველამ თავი უნდა დაანებოს. საჭიროა შეხვედრა უმრავლესობის შიგნით. გედი ფოფხაძეც, ვიცი, რომ ამ შეხვედრას ელოდება. მას არავითარი ოფიციალური პროცედურები ჯერ არ დაუწყია, არავითარი განცხადება არ დაუწერია. თქვა, რომ რაღაც საკითხებია გასარკვევი და ეს უნდა მოხდეს უმრავლესობის ფორმატში. საჯარო განხილვები, თუ ვის რა მოეწონა, არ მოეწონა, არ მგონია, რომ იყოს კარგი და ჯანსაღი”, – განაცხადა ბესელიამ.
გარდა ამისა, ბესელია საკუთარ თავს შეურაცხყოფილ თანაგუნდელებს შორის არ მიიჩნევს.
“არ ვიცი, რომელ განცხადებაზეა საუბარი, რა არის შეურაცხმყოფელი. ამ საკითხებს სჭირდება შიგნით დისკუსია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც გარეთ საუბრობს იმაზე, რაც არ მოსწონს. ვარჩევ საკითხებს, რაზე უნდა ისაუბრო საჯარო სივრცეში და რაზე – შიგნით. მე მგონია, რომ ყველამ უნდა გაარჩიოს ეს”,- დასძინა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ აზრთა-სხვადასხვაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით აირჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატ გედევან ფოფხაძისთვის, რომელმაც იმავე დღეს განაცხადა, რომ დატოვებდა როგორც უმრავლესობას, ასევე ყველა პარტიულ თუ საპარლამენტო თანამდებობებს. გედევან ფოფხაძეს გუნდში მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, მათ შორის ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი.
მომხდარი შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც განაცხადა, რომ “უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს“.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები