განათლების სფეროს დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს

განათლების სფეროს დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს

განათლების სფეროს დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს, – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ინიციატივით, მომზადდა ცვლილებების პროექტი ბიუჯეტის შესახებ კანონში, რომლის შესაბამისად, სავალდებულოა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ განათლების სისტემის დაფინანსება არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები.
მისი თქმით, მთავრობის მიერ განათლების სფერო პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული და ახალი ინიციატივაც სწორედ ამ კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„2022 წლის ბიუჯეტი უნდა შედგეს ისე, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯოს განათლების სფეროზე. იმისთვის, რომ განათლების სექტორის დაფინანსებამ ამ მოცულობას მიაღწიოს, აუცილებელია დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა. 2020 წლისთვის განათლების სექტორის დაფინანსება 2.0 მლრდ ლარს მიაღწევს, 2021 წელს 2.5 მლრდ ლარამდე იქნება, ხოლო 2022 წლისთვის 3,0 მლრდ ლარს გადააჭარბებს. მთავარი მიმართულებები იქნება ზოგადი, სკოლამდელი, ასევე, პროფესიული განათლება. თუმცა, არ გვავიწყდება უმაღლესი განათლება და მეცნიერება. მათი ბიუჯეტებიც გაიზრდება, მაგრამ როგორც თანხობრივად, ისე შინაარსობრივად ყველაზე დიდი ცვლილება და გარდატეხა იქნება ზოგადი განათლების ნაწილში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი განცხადებით, იმის მიხედვით, როგორ გაიზრდება ქვეყნის შიდა პროდუქტი 2020-2022 წლების განმავლობაში, განათლების სფეროს ბიუჯეტის საერთო მოცულობა დაახლოებით, 3,4-მილიარდი ლარი იქნება.
„სხვადასხვა ტიპის კვლევა გვაჩვენებს, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს. განსაკუთრებით, ეს ეხება რეგიონებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თვისობრივად უნდა მოხდეს სკოლის ფუნქციის გადახედვა, მათ შორის, მეტი დამოუკიდებლობა უნდა მიენიჭოს სკოლაში შეძენილ ცოდნას და გაცილებით დიდი დატვირთვა უნდა ჰქონდეს სკოლის ატესტატს. სწორედ ამისკენ არის მიმართული აღნიშნული რეფორმა. ჩვენ გვინდა, რომ პრაქტიკულად, მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საჭიროება, რომ ცალკე მოემზადონ ბავშვები და სკოლამ მაქსიმალურად აიღოს ეს ფუნქცია“, – განაცხადა მან.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი ანაზღაურებით უზრუნველყოფა.
„მნიშვნელოვანია აშენდეს ახალი სკოლები, ასევე, მოხდეს არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს რესურსები სრულად გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში. რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ბავშვების რაოდენობა კლასში და ამ კუთხით თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება, რათა მათ ჰქონდეთ მოტივაცია, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყონ სკოლაში. მასწავლებლის პროფესია უნდა იყოს ერთ-ერთი მოთხოვნადი ქვეყანაში, ამიტომ რეფორმის მთავარი გასაღები სწორედ ამ კომპონენტების განხორციელებაშია“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები