“გამოძიება უნდა გაგრძელდეს და გაირკვეს, ვინ არიან ის პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ტერორისტულ დაჯგუფებას”

“გამოძიება უნდა გაგრძელდეს და გაირკვეს, ვინ არიან ის პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ტერორისტულ დაჯგუფებას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე პანკისში დაკავებული რუსლან ალდამოვის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოძიება კიდევ უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე უნდა გაირკვეს ვინ არიან ტერორიზმთან დაკავშირებული პირები.
„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ და დღეს გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისში, ისანში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი. ამ სპეცოპერაციით სახელმწიფომ მოახერხა ტერორისტული საფრთხის განეიტრალება და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება კიდევ უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე უნდა გაირკვეს ვინ არიან ის დაკავშირებული პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას, ასევე, სად ჰქონდათ მათ დასაყრდენი. როგორც ვიცით, აღმოჩენილია სამალავები, გაშიფრულია სატელეფონო კომუნიკაცია, კომპიუტერული მონაცემები. ეს ყველაფერი კომპლექსურად ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთი ნაბიჯით წინ იყო და დაასწრო ტერორისტულ დაჯგუფებას მოქმედებები. როგორც ვიცით, ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა. საქართველო ამ საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია. ის, რომ დღეს საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, ეკონომიკური განვითარების ტემპები შედარებით მაღალია, სწორედ იმის დამსხურებაა, რომ უსაფრთხოება არის დაცული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პანკისში დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს, სინამდვილეში კი სპეცრაზმი მას ეძებდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები