ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გაუსვა ხაზი, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი – წულუკიანი

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გაუსვა ხაზი, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი – წულუკიანი

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე გაკეთდა დასკვნა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე განსხვავდება ყველა სხვა საქმისგან, რომლებიც ყოფილა მე-18 მუხლთან დაკავშირებით, ამიტომ, სხვა საქმეებისგან განსხვავებით, არ არის მიზანშეწონილი, საქართველოს მთავრობას მოეთხოვოს ​ივანე მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაცია, მათ შორის ჩვენი წარმომადგენლობა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი. უკვე ვიცით, რომ ეს საქმე იქნა განხილული კომიტეტის მიერ და ის დოკუმენტები, რომელიც გუშინ დაამტკიცა 47 ქვეყნის წარმომადგენელმა, კვირის ბოლომდე ცნობილი გახდება. მიესალმებიან გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მიერ იქნა მიღებული გაზაფხულზე. ეს გახლავთ საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიება.

მნიშვნელოვანია, რომ მინისტრმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, ასევე ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა მიზნად არ ისახავდა მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას. მოიწონეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა, მთავრობამ მხარი დაუჭირა და ამჟამად პარლამენტში იხილება. ცვლილებები ეხება მოცემულ საქმეზე გამოძიებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებელი გახდეს სატელეფონო და კომპიუტერულ მონაცემებზე წვდომის სახით, რაც მანამდე კანონით აკრძალული იყო. მთლიანობაში დასკვნა გაკეთდა, რომ მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, ვინაიდან დაკავებაც და წინასწარი პატიმრობაც იყო კანონიერი, ეს საქმე განსხვავდება ყველა სხვა, მათ შორის აზერბაიჯანული საქმეებისგან მე-18 მუხლზე რაც ყოფილა აქამდე გამოტანილი, რომლებიც აბსოლუტურად სხვა ბუნებისა და შინაარსის საქმეებია. ამიტომ, სხვა საქმეებისგან განსხვავებით, არ არის მიზანშეწონილი, საქართველოს მთავრობას მოეთხოვოს ​ივანე მერაბიშვილის გათავისუფლება საპატიმროდან.

გუშინდელ სხდომაზე განხილვა არ შემდგარა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სამედიცინო მომსახურება გაეწევა პატიმარს საპატიმროში, რადგან ეს საკითხი არც კი დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ყველა თანხმდება, რომ არის ეფექტური და ადეკვატური რეაგირება პატიმრის სამედიცინო ხასიათის ჩივილებზე. ამას ადასტურებს ომბუდსმენის რამდენიმე დღის წინანდელი წერილიც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოსთვის მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები