ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივნის – ანდრეას კიფერის ვიზიტთან დაკავშირებით, სასტუმროში “ჰოლიდეი ინ თბილისი“ შეხვედრა გაიმართა

ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივნის – ანდრეას კიფერის ვიზიტთან დაკავშირებით, სასტუმროში “ჰოლიდეი ინ თბილისი“ შეხვედრა გაიმართა

ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივნის – ანდრეას კიფერის ვიზიტთან დაკავშირებით, სასტუმროში “ჰოლიდეი ინ თბილისი“ შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა – კახა კალაძემ გახსნა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ ღონისძიებაზე ევროპის საბჭოს კონგრესში ქართული დელეგაციების სამოქმედო სტრატეგიებზე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებსა და დეცენტრალიზაციის პროცესის სიახლეებზე ისაუბრეს.

ათეა-ს ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს წარმომადგენელს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და თვითმმართველობების როლის გაძლიერებაზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ადგილობრივ თვითმმრთველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა, რომლებსაც ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ უმაღლესი შეფასება მისცა.

მანვე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტების თავმჯდომარე ქვეყნად 2019 წელს საქართველოს არჩევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყანა მზადაა, რათა აღნიშნული პლატფორმა სწორი მიმართულებით იქნეს გამოიყენებული.

ანდრეას კიფერმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ერთობლივი რეფორმების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.

ღონისძიებაზე, რომელზეც ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციების სამომავლო გეგმებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებზე და დეცენტრალიზაციის პროცესის სიახლეებზე ისაუბრეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა – კრისტიან ურსემ, ათეა-ს ვიცე პრეზიდენტებმა – თამარ ტალიაშვილმა და გიორგი ტყემალაძემ, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ – ზაზა გაბუნიამ, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, მისმა მოადგილემ – ნათია ღვინაშვილმა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

დღესვე. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 2018-2020 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა წარუდგინა.

8 საათიანი ღონისძიება, ათეა-ს ვიცე პრეზიდენტმა – თამარ ტალიაშვილმა შეაჯამა. მან ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივნის – ანდრეას კიფერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში წარმატებული რეფორმების განხორციელებას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები