ევროპული საქართველო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

ევროპული საქართველო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

ევროპული საქართველო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ წინასწარვე განმარტა, რომ კომისიის მუშაობას შინაარსობრივი ცვლილებები არ მოჰყვება და ის მხოლოდ წინასწარ გაცხადებულ ოთხ პუნქტზე იმუშავებს. შესაბამისად, კომისიის მუშაობაში მონაწილეობასაც აზრი არ აქვს.

„უმრავლესობის ლიდერებისგან ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ კომისიის მუშაობას არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსტიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ წინასწარ დაანონსებული 4 ცვლილების მიღება. ფაქტობრივად, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგის პროცესი დაიწყებოდა. ასეთ პირობებში, როდესაც წინასწარ არის გაცხადებული, არანაირ შინაარსობრივ ცვლილებაზე ეს კომისია და უმრავლესობა არ დათანხმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობის არსს კომისიაში ვერ ვხედავთ”, – ამბობს ბაქრაძე.

მისივე თქმით, წარმოდგენილი 4 ცვლილება პოზიტიური ხასიათისაა, თუმცა ოთხივე მათგანი არის ორი კვირის წინ ქართული ოცნების მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. ამასთან, ბაქრაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ ცვლილებებს საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ატარებს, რაც კონსენსუსის საფუძვლად ვერ გამოდგება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება შინაარსობრივი ცვლილების მზადყოფბას გამოთქვამს, პარტია კომისიის მუშაობაში ჩართვას არ გამორიცხავს.

“საქართველომ მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს სამწუხაროა. მან ვერ გაუძლო დროის გამოცდას. თუ უმრავლესობისგან და ქართული ოცნებისგან იქნება იმის სიგნალი, რომ ისინი მზად არიან კონსტიტუციის შინაარს ობრივი განხილვისთვის, ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შინაარსობრივ განხილვაში და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ კონსენსუსისთვის”, – ამბობს ბაქრაძე.

ქართული ოცნება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ე.წ ბონუსების სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლების მუხლის ჩასწორებას, საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლასა და 2020 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვებას აპირებს.

ამ საკითხებზე მოსაზრებები პრეზიდენტსაც ქონდა. მან მმართველ გუნდს კონსტიტუციის პროექტი, მისი მესამე მოსმენით მიღების შემდეგ მოტივირებული შენიშვნებიც გაუგზავნა, რომლებიც სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა, თუმცა უმრავლესობამ ეს შენიშვნები არ გაითვალისწინა.

ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის, ასევე დოკუმენტის საპარლამენტო განხილვების დროს იყო, თუმცა მმართველმა გუნდმა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები არ გაითვალისწინა. მათ კონსტიტუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირეს, არც ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია ასახეს.

ქვეყნის მთავარი დოკუმენტი უკვე პრეზიდენტის მიერ არის ხელმოწერილი, თუმცა ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ დოკუმენტში ცვლილებები კვლავ შევა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები