ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საინტერესო დისკუსიებით წარიმართა-გიორგი წერეთელი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საინტერესო დისკუსიებით წარიმართა-გიორგი წერეთელი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი (გიგი) წერეთლის შეფასებით, მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, საინტერესო დისკუსიებით წარიმართა. მისი განცხადებით, ასამბლეის მონაწილეებმა უსაფრთხოების, ტერორიზმის და მიგრაციის თემებზე მსჯელობა გამართეს. ეს საკითხები კი, ბუნებრივია, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ვერ ვრცელდება საერთაშორისო სამართლის ნორმები, ტერორიზმის და სხვადასხვა დანაშაულის საფრთხე ყოველთვის მაღალია.

„ჩემს საპრეზიდენტო გამოსვლაში აღვნიშნე, რომ უკრაინაში და მანამდე ჯერ კიდევ საქართველოში, სადაც განვითარებულ მოვლენებს არ მოჰყვა იმგვარი რეაქცია, როგორც შემდგომში უკრაინას, იყო საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის ძირითადი პრინციპების დარღვევა, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვა. ეს შედეგები დღეს აისახება იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე, მათ უფლებებზე. მიმაჩნია, რომ ამ თემების წინ წამოწევა და საერთაშორისო ფორუმებზე მათი დღის წესრიგში ჩასმა უფრო აქტიურად უნდა ხდებოდეს. საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, აღნიშნული საკითხების მნიშვნელობაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე საკომიტეტო გამოსვლებზე სათანადო აქცენტები დასვა”, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გიორგი წერეთელმა, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მონტენეგროსა და მაროკოს პარლამენტის თავმჯდომარეებთან, რუმინეთის ვიცე-პრემიერთან, ეუთოს ინსტიტუტების ოფისის ხელმძღვანელებთან, ბალტიის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ისრაელის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრები გამართა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მუდმივმოქმედი და ძირითადი კომიტეტების სხდომებზე, ანტიტერორისტულ ქვეკომიტეტზე და მიგრაციის საკითხზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და მათ მუშაობას წარუძღვა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, ავსტრიის დედაქალაქი, 22-23 თებერვალს მასპინძლობდა.​

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები