„ერთი პოზიცია, სადაც მეტ დათმობაზე ვეღარ მივდივართ, ეს არის კომერციული რისკების დაზღვევა“

„ერთი პოზიცია, სადაც მეტ დათმობაზე ვეღარ მივდივართ, ეს არის კომერციული რისკების დაზღვევა“

„ერთი პოზიცია, სადაც ჩვენ მეტ დათმობაზე ვეღარ მივდივართ, ეს არის კომერციული რისკების დაზღვევა“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროში მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, კრედიტორებს მოთხოვნების საკმაოდ დიდი სია აქვთ.

„ჩვენ მათ აღვუთქვით, რომ თითქმის ყველა მიმართულებით მზად ვართ ხელი შევუწყოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველადი სახით ის ხელშეკრულება რაც იყო სახელმწიფოსა და ანაკლიის კონსორციუმს შორის, გადაიხედება და კრედიტორების სასარგებლოდ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

კარგად მინდა გაიმიჯნოს, რომ არსებობს პოლიტიკური რისკები, ფორს-მაჟორი, გარემოსთან დაკავშირებული რისკები, საკანონმდებლო რისკები – სამომავლოდ შესაძლებელია ცვლილება მოხდეს და ყველა ამ ტიპის რისკზე ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვართ და მაქსიმალურად ღია ვართ დახმარების გასაწევად, ხოლო რაც შეეხება კომერციულ რისკებს, მათ შორის ყველაზე მთავარი ტვირთების რისკია – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი არსებულ პროგრამაში; რაც სავალუტო ფონდთან გვაქვს შეთანხმებული, ის პირობა არ ითვალისწინებს, რომ სახელმწიფომ დამატებითი ფინანსური რისკი ამ ნაწილში აიღოს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი მოლაპარაკებების პროცესზე პოზიტიურად განწყობილია და მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებს რამდენიმე რაუნდი დასჭირდება.

„პროგრესს ვხედავ და ამ პროგრესის ერთ-ერთი მამოძრავებელი ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო ვართ, რადგან ბევრ დათმობაზე მივდივართ და ინვესტორებისთვის და კრედიტორებისთვის იმაზე ხელსაყრელ პირობებს ვქმნით, ვიდრე ეს დასაწყისში იყო, როდესაც ამ პროექტის იდეა გაჩნდა და როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა“,- განმარტა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის შეხვედრა დასრულდა. დღესვე სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმართება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები