“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მანდატის ხანგრძლივობა არ ემთხვევა საარჩევნო ციკლს, რათა, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, გვქონდეს თავისუფლება, მივიღოთ არაპოპულარული ზომები”-კობა გვენეტაძე

“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მანდატის ხანგრძლივობა არ ემთხვევა საარჩევნო ციკლს, რათა, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, გვქონდეს თავისუფლება, მივიღოთ არაპოპულარული ზომები”-კობა გვენეტაძე

“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მანდატის ხანგრძლივობა არ ემთხვევა საარჩევნო ციკლს, რათა, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, გვქონდეს თავისუფლება, მივიღოთ არაპოპულარული ზომები”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი გამოსვლის დასასრულ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
გვენეტაძემ საბანკო რეგულაციებზე საუბრისას დეპუტატებს ეროვნული ბანკის მანდატი და კონსტიტუციაში ჩანაწერი შეახსენა, რომელიც უწყების დამოუკიდებლობის გარანტია.
„დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. მესმის, რომ ამ ეტაპზე გარკვეული საკითხები წამოიჭრა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ დიდ სურათს და ახლა გავაკეთოთ ის, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ქვეყანას საფრთხეებს ააცილებს. მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ გაითავისოს, რომ ეროვნული ბანკის მოვალეობაა, მიიღოს საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად და ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებასა და სტაბილურობისთვის. დანერგილი რეგულაციების შეფასებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სექტორის მდგრადობას ემსახურება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი რისკების ლიკვიდაციასა და კრიზისის პრევენციას ცდილობს და განმარტა, რომ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი აძლევს სებ-ს საშუალებას, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.
„ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და სურათის დასანახად მონაცემების შეფასება და ანალიზი გვჭირდება, რის შემდეგაც, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებსაც გავახორციელებთ. ეროვნული ბანკი მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრულ მანდატში. იქ არის მთავარი ჩანაწერი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. სწორედ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვიმოქმედოთ ფინანსური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მანდატის ხანგრძლივობა სწორედ იმიტომ არ ემთხვევა საარჩევნო ციკლს, რომ, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, გვქონდეს თავისუფლება, მივიღოთ არაპოპულარული, თუმცა ქვეყნისათვის აბსოლუტურად აუცილებელი და გადაუდებელი ზომები“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები