ელენე ხოშტარია – გრიგოლ ვაშაძისგან მოვისმინეთ მორიგი ტალახის სროლა, მათი სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა

ელენე ხოშტარია – გრიგოლ ვაშაძისგან მოვისმინეთ მორიგი ტალახის სროლა, მათი სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმებით ჩვენ არაფერი გვაკლდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„გუშინ ჩვენ “ნაციონალური მოძრაობისგან” და მისი საპრეზიდენტო კანდიდატისგან, გრიგოლ ვაშაძისგან მოვისმინეთ მორიგი ტალახის სროლა „ევროპული საქართველოს” მიმართ, რაც არ არის ახალი. მათ ევროპის სახალხო პარტიასთან მემორანდუმზე ხელმოწერის მეორე დღიდანვე დაიწყეს ამ შეთანხმების დარღვევა. სამწუხაროდ, მათ უბრალოდ ოპოზიციური ძალის, „ევროპული საქართველოს“ დაზიანებისა და დასუსტების სტრატეგია ჰქონდათ, გვებრძოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლაზე იყვნენ კონცენტრირებულები. ეს არ არის ახალი, ზოგადად მათი სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა. როცა ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უბრაზდება ხალხს ნაცვლად იმისა, რომ გააზრებული ჰქონდეს ჩვენი შეცდომები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ სრულ პოპულიზმსა და ასეთ აგრესიულ გამოსვლებს, ეს პირდაპირ „ქართული ოცნებისა” და მათი ხელისუფლების გახანგრძლივების ხელშეწყობაა. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას” არ ესმის და თავისი გამოჩენით, აგრესიულობითა და პოპულიზმით პირდაპირ ხელს უწყობს და ახარებს „ქართულ ოცნებას”. მე მოვუწოდებ მათ, ჩვენ არაფერი გვაკლდება მათი თავდასხმებით, მაგრამ ისინი ამით აძლიერებენ “ქართულ ოცნებას”. ამიტომ კარგად დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები