ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს.

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს.

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს. საქართველოს მთავრობის სხდომაზე სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რომლის მოქმედებაც 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე ვრცელდება.

ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას ითვალისწინებს, რომელიც სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას (იგულისხმება სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები – რამდენად ბასრია სათამაშო, მცირე ზომისაა და ა.შ.) ადასტურებს. სათამაშოების ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებენ ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი უწყების – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი დადგენილ მოთხოვნებთან საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობას შეამოწმებენ და რეკომენდაციებს გასცემენ, რომელთა შესრულება 2021 წლიდან იქნება სავალდებულო. სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა დოკუმენტური, ასევე ვიზუალური და ლაბორატორიული შემოწმების გზით განხორციელდება. დოკუმენტური შემოწმებისას გამყიდველი ვალდებული იქნება სათამაშოს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი წარმოადგინოს; მწარმოებლის სახელი, სავაჭრო ნიშანი და სახელი და მისამართი; დაკმაყოფილებული სტანდარტების შესახებ მითითებები; წარმოებისას ხარისხის კონტროლში მონაწილე შემფასებელი ორგანოს (მესამე პირი) აღწერა; მოხმარებისას/თამაშისას უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციები; ტექნიკური დოკუმენტაცია: (მასალების ჩამონათვალი, ხარისხის დაცვის სისტემური შემოწმების და გამოცდების შედეგები); მიკვლევადობის ინფორმაცია; გამაფრთხილებელი მითითებები და ნიშნები. დოკუმენტური შემოწმების გარდა, მიღებული ინფორმაციის ან რისკის ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ვიზუალური და ლაბორატორიული ექსპერტიზაც განხორციელდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევად რჩება საქართველოში სათამაშოების მექანიკური და ქიმიური შემოწმებისთვის შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობა. ნიმუშების გაგზავნა სააგენტოს უცხოეთის აკრედიტებულ ლაბორატორიებში მოუწევს. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აღსრულებითი ზომები განხორციელდება, რომელთა სიმკაცრე აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციურ საფრთხის ზომაზეა დამოკიდებული და სხვადასხვა სანქციებს მოიცავს, მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო საშიშ ქიმიურ მინარევებს შეიცავს. რაც შეეხება ბაზარზე შემოტანილ მეორად სათამაშოებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების დიდ ნაწილში მაღალი ხარისხის პროდუქტად მიიჩნევა, ასეთ სათამაშოებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საჭირო დოკუმენტაცია – ეს იქნება შესაბამისობის დეკლარაცია, ლაბორატორიული გამოცდის შედეგები თუ სხვა დოკუმენტები, რომელთა გარეშეც სათამაშოს უსაფრთხოების დადასტურება შეუძლებელია. შესაბამისად, თუ საქართველოში შემოტანილ მეორად სათამაშოებს თანდართული ექნება სათანადო დოკუმენტაცია, მათი ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია არ შეიზღუდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე სახის გამონაკლისი მეორადი სათამაშოების მიმართ არ არის დაშვებული ევროკავშირის ბაზარზეც – სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა ერთიან მოთხოვნებს ყველა სახის სათამაშოს მიმართ აყალიბებს. იმპორტირებული სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება, რისკის ანალიზის საფუძველზე შესაძლოა საბაჟო კონტროლის ზონაშიც მოხდეს, მაგრამ მხოლოდ ისეთ პროდუქტებზე, რომელთან დაკავშირებითაც დასაბუთებული ეჭვი იარსებებს. კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ბიზნესს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი მიეცა, რომ რეგულაციებისთვის მოემზადოს. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლამდე, სანქციები არ იმოქმედებს – კომპანიებს მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები მიეცემათ, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო პროდუქციას როგორც იმპორტის, ასევე ბაზარზე განთავსების პროცესშიც გააკონტროლებს. პროდუქციის ბაზრიდან ამოღებისა და განადგურების გარდა, დარღვევებზე ფულადი სანქციებიც დაწესდება, თუმცა, ეს ზომაც 2021 წლიდან ამოქმედდება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები