ეკატერინე ტიკარაძე: თბილისში, დაგეგმილია შშმ ბავშვთა სახლის სრული გარდაქმნა და მცირე საოჯახო ტიპის 3 სახლის აშენება

ეკატერინე ტიკარაძე: თბილისში, დაგეგმილია შშმ ბავშვთა სახლის სრული გარდაქმნა და მცირე საოჯახო ტიპის 3 სახლის აშენება

იგეგმება დიდი ზომის ბავშვთა სახლების გარდაქმნის პროცესი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ალტერნატიული ზრუნვის სერვისი, – ამის სესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ბავშვთა სფეროში დაგეგმილ ძირეულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესებულებებში დღეს არსებული გარემოს, სერვისების, პერსონალის კვალიფიკაციის საფუძვლიან შესწავლა იწყება.

“დავიწყეთ ძირეული რეფორმა, რომელიც ყოველი ბავშვისა და მშობლის ინტერესების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. რეფორმა, უპირველეს ყოვლისა, დღის ცენტრების, საოჯახო ტიპის სახლების და მსგავსი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერებას შეეხება. კონკრეტულად, ვიწყებთ დაწესებულებებში დღეს არსებული გარემოს, სერვისების, პერსონალის კვალიფიკაციის საფუძვლიან შესწავლას. გამოვლენილი იქნება ყველა დარღვევა თუ გადაცდომა ბავშვზე ზრუნვისა და მომსახურების პროცესში, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უფრო მოცულობითი და საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება ბავშვისთვის განკუთვნილი სერვისები და რაც მთავარია, დამკვიდრდება ამ სერვისების დროული და სამართლიანი განაწილების პრინციპი.

ვაგრძელებთ მუშაობას მზრუნველობამოკლებული ბავშვების მაქსიმალურად ოჯახთან დაახლოებული გარემოს შექმნაზე. ამ მიმართულებით იგეგმება დიდი ზომის ბავშვთა სახლების გარდაქმნის პროცესი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ალტერნატიული ზრუნვის სერვისი, ისეთი როგორიც მარტყოფში და დუშეთში არის პანსიონები. ამავდროულად დაიწყება 6 ახალი სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. თბილისში, დაგეგმილია შშმ ბავშვთა სახლის სრული გარდაქმნა და მცირე საოჯახო ტიპის 3 სახლის აშენება, “- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები