ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფოს მიდგომა როგორც სერვისების, ასევე მედპერსონალის ფინანსური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული

ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფოს მიდგომა როგორც სერვისების, ასევე მედპერსონალის ფინანსური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული

“კლინიკებთან მიმართებაში სახელმწიფოს მიდგომა, როგორც სერვისების, ასევე მედპერსონალის ფინანსური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკებში არსებულ სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

„თქვენთვის სავარაუდოდ ცნობილი უნდა იყოს, რომ ჰოლდინგში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ონკოლოგიურისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს იურიდიულად გადმოცემა მოხდა მარტში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესაჭიროება გარკვეული დრო, რომ მოხდეს დეტალურად შესწავლა ყველა იმ ხარვეზის, რომელიც არსებობდა ამ საავადმყოფოების მართვასთან მიმართებაში, რათა ამ ხარვეზების შესწავლის შემდეგ, მოხდეს უკვე დაგეგმარება, თუ როგორი იქნება მართვა და ასევე, რა პროცესები გაიმართება ამ საავადმყოფოებთან მიმართებაში.

თუმცა, სახელმწიფოს მიდგომა ცალსახად არის მხოლოდ და მხოლოდ როგორც სერვისების, ასევე თითოეული მომუშავე პერსონალის მდგომარეობის, როგორც ფინანსური, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესება. დამერწმუნებით, ისეთი გლობალური პრობლემების ფონზე, როგორიც არის კოვიდინფექცია და ასევე, ისეთი რთული პროცესების ფონზე, რომელიც ამ საავადმყოფოებში იკვეთება, შეუძლებელია ერთ და ორ თვეში დაიდოს სათანადო სტრატეგიული გეგმა, რომელიც ამ საავადმყოფოებს მიიყვანს საუკეთესო გამოსავლამდე და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას. აქ იკვეთება არა მხოლოდ ის ხარვეზი, რომ პერსონალის ანაზღაურება ხდება საათობრივად, მაშინ როდესაც მათი შესრულების კომპონენტი არის ძალიან დაბალი და ეს გარკვეულწილად ქმნის იმ არათანაბარი შემოსავლებისა და გასავლების კომპონენტს, რომელიც არის დეტალურად შესასწავლი ფინანსისტების მხრიდან. ყოველივე ამის განხილვის შემდეგ, სახელმწიფო გეგმავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ამ საავადმყოფოებში და შემდეგ, უკვე შეგვეძლება ვისაუბროთ იმაზე, არის თუ არა სახელმწიფოს მიდგომა სწორი და რა შედეგები დაიდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმითვე, საქართველოში ექიმების ხელფასები თითოეული კლინიკის შემოსავალზეა დამოკიდებული.

“საქართველოში ექიმების ხელფასები დამოკიდებულია თითოეული კლინიკის შემოსავალზე, ონკოლოგიური საავადმყოფოს შემთხვევაში, მათი შემოსავალი არ აღემატება 70 ათას ლარს, მაშინ, როდესაც კლინიკის სახელფასო ანაზღაურება მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მათი შემოსავალი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესდღეობით ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება, მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არის განხორციელებული, მაგრამ ჩვენი მიდგომა ცალსახად არის პრობლემების მოგვარებისკენ და არავითარ შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარება არ გულისხმობს, რომელიმე ექიმის ან ექიმთა ჯგუფისადმი არასწორ მიდგომას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები