ეკა გიგაური: დღეს სასამართლო წავაგე

ეკა გიგაური: დღეს სასამართლო წავაგე

„საერთაშორისო გამჭირველობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სასამართლო დავა წააგო. მოსამართლემ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ გიგაური სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს:
„დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა.
რეალურად კი რა მოხდა – სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლის გარეშე დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია. მერე მიხვიდე პროცესზე დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და მტკიცებით ფორმაში მაბრალებს იმას, რასთან შეხებაც არასოდეს მქონია, ჩვენი სასამართლოს აზრით, მათ პასუხი არ შეიძლება მოეთხოვოთ. უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი საქმეები ჩვენს სასამართლოს ჰქონია და იქ რატომღაც მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
აქ პრობლემა ეკა გიგაურია – ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც!
არავინ იფიქროს, რომ ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები. მადლობა ქართულ სასამართლოს ყველაზე “მიუკერძოებელ” და “სამართლიანს” მსოფლიოში!“,- წერს გიგაური.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.
ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვდა.
რეჟისორი გოგა ხაინდრავა კი აცხადებს, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო, მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოელი მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები