ეკა ბესელიამ სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოში დასახელებულ მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეკა ბესელიამ სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოში დასახელებულ  მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამეცნიერო და პროფესიული წრეებისგან სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოს ქმნის.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოში დასახელებულ  მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით სამეცნიერო და პროფესიული წრეების წარმომადგენლებს  მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

„ჩვენ ამ შეხვედრისთვის ძალიან დიდი ხანია ვემზადებოდით. ეს გახლავთ ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროცესი იურიდიული კომიტეტისთვის. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ორმხრივი თანამშრომლობის სურვილზე. დღეს, შეთახმებას უნდა მივაღწიოთ თანამშრომლობის ფორმებზე და  შემდეგ უკვე დავგეგმოთ რა იგულისხმება ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, როგორც პარლამენტისთვის, ასევე კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია  ახალი ხედვა, ახალი იდეები და ახალი შეთავაზებები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოს აქვს სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება თავის საქმიანობაში და მოქმედებაში. საბჭოს ფუნქცია იქნება საკანონმდებლო პროცესში პროფესიული და სამეცნიერო ექსპერტიზა და კონსულტაციები  იურიდიული კომიტეტისთვის, რომელიც საკანონმდებლო პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ვენეციის კომისიის წევრი მინდია უგრეხელიძე უხელმძღვანელებს.

„ეს იძლევა პერსპექტივებს არა მარტო პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისა, არამედ ამ პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისა ახალი მეთოდებისა და ახალი ტექნოლოგიების შესაბამისად. ჩანს სრულიად ახალი პერსპექტივები და  ახალი ჰორიზონტები. ამის გააზრება დროთა განმავლობაში მოხდება“,-განაცხადა სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია უგრეხელიძემ.

შეხვედრაზე  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გასულ წელს გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. ეკა ბესელია შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა და გააცნო კომიტეტის მისია და ხედვა, კომიტეტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობა, პარლამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და სხვა საკითხები.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  გამოითქვა წინადადებები სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დღეს გამოთქმული მოსაზრებებისა საფუძველზე მოხდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოს შორის თანამშრომლობის ფორმების უზრუნველყოფა.

შეხვედრას  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, კომიტეტის წევრები – გედევან ფოფხაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე და გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები