ეკა ბესელიამ ხორავას საქმის მაგალითზე სასამართლომდე კომისიის შექმნა სახიფათო პრეცედენტად შეაფასა

ეკა ბესელიამ ხორავას საქმის მაგალითზე სასამართლომდე კომისიის შექმნა სახიფათო პრეცედენტად შეაფასა

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმემ დამარწმუნა, რომ როცა საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სახიფათო“, – თქვა დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ეკა ბესელიამ.

„ამ დროს საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სახიფათო და რთული გადაწყვეტილება, რადგან შეიძლება გადააბიჯო იმ ზღვარს, რომლითაც მოხდება ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში. ეს მოხდა ამ კომისიის მიერ და არ მინდა დამკვიდრების პრაქტიკა. არ მინდა, რომ ასეთი ისტორია დარჩეს. შემდეგში, როცა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, არ მინდა ასეთი კვალი იყოს დატოვებული. ძალიან გასაფრთხილებელია, რომ როცა სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეზე მიდის მუშაობა, კომისია მანდატს არ უნდა გაცდეს და მართლმსაჯულებაში არ უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატ გია ვოლსკის თქმით, კი კომისიის დასკვნა „სასამართლოსთვის სახელმძღვანელო, მაგრამ რეალურად, დასკვნა ისეთი უნდა იყოს, როგორიც სახელმწიფოსთვის იქნება მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, იქნება პოლიტიკისგან დაცლილი“.

3 სექტემბერს საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები