ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე იყო მძიმე მდგომარეობა, არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.  გვახსოვს წლების განმავლობაში, აქ რა მდგომარეობა იყო – არანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ქუჩები ატალახებული იყო. განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, მაღალი გამავლობის მქონე მანქანის გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იყო. ასევე, არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დღეს ყველაფერი განახლებული და რეაბილიტირებულია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შესრულებული სამუშაოების შემდეგ, კმაყოფილი და მადლიერია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების შედეგად, დასახლებაში მცხოვრებ 600 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და მასზე დაერთდა 310 ოჯახი;  წყალგაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 490 აბონენტი; მთლიანად დასახლებაში მოეწყო სანიაღვრე ქსელი; ჯამში, 6 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი რეაბილიტირდა და დაიგო ასფალტის საფარი. დასახლებაში 600 ოჯახს მთლიანად გაუუმჯობესდა საყოფაცხოვრებო პირობები. ერთი მხრივ, მძიმეა, რომ 2021 წელს გვიწევს ელემენტარულ თემებზე  და მსგავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბარი, თუმცა, ეს სამწუხარო რეალობაა. ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა და ძალიან კარგია, რომ აღნიშნულ მისამართზე ყველაფერი მოწესრიგდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 6 მლნ ლარით დაფინანსდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები