ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას, რომ მოშვება არ შეიძლება-ამირან გამყრელიძე

ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას, რომ მოშვება არ შეიძლება-ამირან გამყრელიძე

ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას, რომ მოშვება არ შეიძლება, – ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს, მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„დღეს, ალბათ, ატყობთ, რომ მოვეშვით. პირბადეებს აღარ ატარებენ შესაბამის დაწესებულებებში, ისევ არის დიდი შეკრებები, დიდი თავყრილობები და იქმნება ილუზია, რომ ქვეყანამ დაამარცხა კოვიდინფექცია. არა ბატონებო, კოვიდინფექციის დამარცხება ჯერ კიდევ შორსაა. მარტო ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს, ეს ერთიანად, გლობალურად უნდა გაკეთდეს. ჩვენ ირგვლივ ვითარება უარესდება. საქართველო, შედარებით, ამ ეტაპამდე, უკეთეს მდგომარეობაშია და ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ ეს ეპიდსიტუაცია“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 534 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები