დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა

დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული პროგრამა მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტექნოპარკში ჩატარდა, 200-ზე მეტი პოტენციური და მოქმედი სტარტაპერი დაესწრო.

„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იმ პრიორიტეტებს შორის, რომელიც დავისახეთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, არის საგრანტო პროგრამებიც, რითიც სახელმწიფო ცდილობს წაახალისოს მეწარმეობა და ამასთან, ამ სფეროში ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენება. ჩვენი მიზანია, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც საინტერესო, გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური იდეა/პროექტი გააჩნია, არ დარჩეს სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე საწყის ეტაპზე. შემდგომში სახელმწიფო ყველანაირ პირობას უქმნის, როგორც სტარტაპებს, ისე კერძო ინვესტორებს, რომ მათ მოახდინონ ინვესტირება სტარტაპებში და შესთავაზონ კონკურენტიანი, ინოვაციური გადაწყვეტილებები მსოფლიო აუდიტორიას,” – განაცხადა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მერსი ტემბონს და მსოფლიო ბანკის მთელ ჯგუფს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა და ფინანსური თუ ტექნიკური დახმარებისთვის. „მათ შორის, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროექტის შემუშავებისთვის და განხორციელებისთვის რაც 40 მლნ. აშშ დოლარი ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს ქვეყანაში ინივაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობისთვის,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

“თანადაფინანსების პროგრამა გაზრდის ინოვაციური კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. იგი, ასევე, მისცემს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო განავითაროს საქართველოს ინოვაციის ეკოსისტემა და სამომავალო პროგრამებში მოახდინოს გამოცდილების ინტეგრაცია.”- აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში დააფინანსა 20 მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე 188 ბენეფიციარზე გასცა 5000 ლარიანი გრანტი, ხოლო 2014 წელს 50 000 ლარამდე გრანტები მიიღო 17-მა ბენეფიციარმა.

დამატებითი ინფორმაცია:

საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ ერთწლიანი პროექტებისთვის და არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეებმა განაცხადი უნდა შემოიტანონ ვებ პორტალის www.grants.gov.ge-ის გამოყენებით და თითოეული განაცხადი გადის 3 ეტაპიან შემოწმებას. თავდაპირველ ეტაპზე განცხადები შემოწმდება დასაშვებობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხში. იმ შემთხვევაში თუ განაცხადი გადალახავს დასაშვებობის კრიტერიუმებს მას შეამოწმებს 2 საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტი, რომელიც გამოავლენს ფინალისტებს. შემდგომში ინოვაციების სააგენტოს მიერ მოხდება ფინალისტების დატრენინგება საბოლოო პრეზენტაციებისთვის, რომელიც გაიმართება ინვესტორთა საბჭოს წინაზე. იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ წარმოდგენილი ინოვაციური პროექტების მაქსიმალურად გამჭვირვალე, ობიექტური და პროფესიონალური შეფასება, ინოვაციების სააგენტო შეფასების პროცესში რთავს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ პროფესიონალებს და ექსპერტებს, ხოლო საბოლოო შეფასებას ფინალში გადასული სტარტაპების ფიჩინგების შემდეგ მოახდენს ვენჩურული და ანჯელ ინვესტორებით დაკომპლექტებული საერთაშორისო კომისია, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, მათ შორის ინოვაციების ეპიცენტრიდან სილიკონის ველიდან.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები