დიმიტრი ხუნდაძე: ცე ჰეპატიტის პროგრამაზე ოპოზიციის კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა

დიმიტრი ხუნდაძე: ცე ჰეპატიტის პროგრამაზე ოპოზიციის კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. მისი შეფასებით, ცე ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა.
„ცე ჰეპატიტის ელიმინაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მიმდინარე პროგრამა. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა და საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რამეთუ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობენ ამ პროგრამაში. მათ აქვთ საშუალება, მიიღონ შესაბამისი პრეპარატები. დღესდღეობით, 65 ათასი ადამიანია პროგრამაში ჩართული და აქედან 55 ათასმა დაასრულა მკურნალობა, განკურნების ეფექტი პრეპარატის მაღალი ეფექტურობიდან გამომდინარე არის 90 პროცენტზე მეტი. საბოლოოდ 128-130 ათასმა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობა.
რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ისინი აპელირებენ 2018 წლის მონაცემზე, როდესაც 2000-ზე ნაკლებმა პაციენტმა მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, ვიდრე ამის საშუალებას იძლეოდა პრეპარატების რაოდებობა. ამიტომ შესაბამის პრეპარატების რაოდენობა დარჩა მოხმარების გარეშე და ამის მიზეზი იყო პაციენტების დაბალი მომართვიანობა. ასევე, მინდა, შევახსენო ოპოზიციასაც, ეს პროგრამა არ არის პრეპარატების გასაღების პროგრამა, ეს არის ცე ჰეპატიტის განკურნების პროგრამა.
​პირველ რიგში, უნდა მოხდეს გამოვლენა და ვფიქრობ, აქ უნდა იყოს არამხოლოდ უწყების, არამხოლოდ დარგის სპეციალისტების, პაციენტების აქტიურობაც. ამ შემთხვევაში ქიენაბ პრეპარატის მაღალი მოხმარება და რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ელიმინაცია. კრიტიკა თითქოს, ეს პროგრამა ჩავარდა, არის უსაფუძვლო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა და ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აძლევს ასეთ ძვირფასიანი მომსახურების საშუალებას. მთავარი არ არის, რა ოდენობა დარჩება მოხმარების გარეშე. აქ მთავარია, გამოვლენა და ელიმინაცია იქნას მიღწეული და ეს აუცილებლად მიიღწევა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისათვის, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტება არის მოყვანილი. მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები