“დღევანდელ სხდომაზე დავრწმუნდით, რომ სააკაშვილის ადვოკატების მიზანი ერთგვარი სანახაობის მოწყობა იყო”

“დღევანდელ სხდომაზე დავრწმუნდით, რომ სააკაშვილის ადვოკატების მიზანი ერთგვარი სანახაობის მოწყობა იყო”

მთელი ეს ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სხდომის გამართვა – დღეს დადასტურდა, რომ მათ თავად სხვა მიზნები ჰქონდათ, – ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მათი შეთავაზებისა, სააკაშვილის უფლებების დამცველებმა უარი განაცხადეს სასამართლო სხდომის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე, კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარებასა და ბრალდებულის დისტანციურად ჩართვაზე.

„მათი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა. როგორც დღევანდელ სხდომაზე დავრწმუნდით, ადვოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები. ეს შეიძლება ემსახურებოდეს არა მართლმსაჯულების ინტერესს, არამედ ეს ემსახურება კონკრეტული ბრალდებულის პოლიტიკურ დღის წესრიგს“, – განაცხადა წიკლაურმა.

იმის გამო, რომ სააკაშვილი უკვე იხდის სასჯელს და იმყოფება პატიმრობაში, სასამართლომ მას 7 ნოემბრის საქმეზე წინასწარი პატიმრობა გააუქმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.

„ტელეიმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე ბრალდებულთა შორისაა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და კიდევ 5 ყოფილი მაღალჩინოსანი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1-ელ აგვისტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პა­ტიმ­რო­ბა შეეფარდათ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები