დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის მუხლებით დაკავებული პირების საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატები მტკიცებულებებთან და აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებენ.

დღევანდელ პროცესზე ასევე სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის საკითხი იქნება განხილული. საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, სწორედ ხვალინდელ პროცესზე მიიღებს დაცვის მხარე გადაწყვეტილებას, გააკეთებენ თუ არა ადვოკატები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას, თუ დაელოდებიან ამნისტიას.

როგორც ცნობილია, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა და ამავდროულად, დაზარალებულად ცნობილმა ვახტანგ ჩიქოვანმა საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა ოფიციალურად დაადასტურა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. 10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები