“დღეს ჩვენ ყველანი ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში, ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ, ვუსურვოთ მათ ოჯახებს გაძლიერება”

“დღეს ჩვენ ყველანი ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში, ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ, ვუსურვოთ მათ ოჯახებს გაძლიერება”

ღმერთის მადლის გარეშე არც ერთი საქმე წარმატებული არ იქნება. ყოველთვის უნდა გამოვითხოვოთ ღვთის ლოცვა-კურთხევა და ყოველი საქმე უნდა დავიწყოთ ლოცვით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, რომელიც შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს.

როგორც ყოველთვის, კვირა დღისთვის არის გამოკრებილი, გამორჩეული სახარება და ხშირად სახარების ისეთი ეპიზოდებიამოყვანილი, სადაც უფალ იესო ქრისტეს სიტყვები და ქადაგება კი არ არის გადმოცემული, არამედ მისი მოქმედება, ვინაიდან მის მოქმედებასაც ასევე აქვს ისეთვე აღმზრდელობითი მნიშველობა, როგორიც აქვს იგავებსა და მის ქადაგებას.

აი, დღევანდელი სახარებაც ასეთია. მოთხრობილია, რომ უფალი მოდის გენისარეთის ტბასთან. მის გარშემო, როგორც ყოველთვის, არის მრავალი ადამიანი, რომელთაც სწადიათ მისი სიტყვის მოსმენა და უფალი ემზადება ქადაგებისთვის. იგი დაინახავს, რომ ნაპირთან არის ორი ნავი, მეთევზეები გადმოსული არიან ნაპირზე და რეცხავენ ბადეებს. ეს მეთევზეები არიან მომავალი მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე. სახარებაში წერია საოცარი რამ, რომ შემდეგ უფალი სთხოვს ამ ნავებს მომავალ მოციქულებს, რათა იქადაგოს იმ ნავებიდან და პეტრე აძლევს თავის ნავს. აქ ასევე აღნიშნულია, რომ უფალმა ისაუბრა და როდესაც დაასრულა თავისი ქადაგება, შემდეგ იწყება ის, რაც მოგახსენეთ, მისი ურთიერთობა ამ მეთევზურებთან და მისი მოქმედება.

საოცარია, რომ აქ არ არის საუბარი იმაზე, თუ რა ილაპარაკა იესო ქრისტემ, საერთოდ არ არის ნათქვამი. ამხელა ქადაგება ჰქონდა იქ, მაგრამ არცერთი სიტყვა იმაზე, თუ რა იქადაგა, ამ ეპიზოდში არ წერია, ვინაიდან იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიმეორებ, მის მოქმედებას. და აი, როდესაც დაასრულა თავისი ქადაგება, მომავალ მოციქულებს ეუბნება, რომ ესროლათ ბადე ზღვაში თევზის დასაჭერად. პეტრე მიუგებს: მოძღვარო, ჩვენ მთელ ღამეს ვიშრომეთ, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთო. შემდეგ არის ფარზა, რომლის გამოც ლუკა მახარებელი მთელ ამ ეპიზოდს გადმოსცემს. წარმოიდგინეთ, ისინი ბავშობიდან მეთევზეები არიან, მათი მამაც მეთევზე იყო, პაპაც და იმათი მშობლებიც, ყველა წინაპარი მეთევზური იყო, მათ იცოდნენ იქ ყველა დინება, ყველა შენაკადი, ყველა ყურე, თევზი, ყველაფერი იცოდნენ, იქ გაზრდილნიიყვნენ და უცებ მოდის ადამიანი, რომელიც არ უნახავთ არც ბადით, არც მეთევზურია და ეუბნება, რომ „მოისროლე ბადე“.

და აი, პეტრე საოცარ სიტყვას ამბობს, რომ „ვერ დავიჯერებთ, მაგრამ შენი სიტყვის გამო – „სიტყვითა შენითა“ ვისვრი ბადეს“, – ემორჩილება, მან ჯერ არ იცის, რომ მის წინაშე ღმერთი დგას, მაგრამ მაინც ემორჩილება.
მართლაც, მოისვრის ბადეს და იმდენი თევზი მოდის, ისეთი თევზჭერა აქვთ, ისეთ შემოსავალია, რომელიც საერთოდ არ ჰქონიათ არასდროს, არც მათ და არც მათ სხვა მეგობრებს, იმდენად ბევრია თევზი, რომ ორივე ნავი ივსება, შემდეგ ეს ორი ნავი იძირება თევზის სიმძიმისგან და ბადეებიც კი უსკდებათ. აი, ასე უხვად დააჯილდოვა უფალმა იესო ქრისტემ ადამიანი, რომელიც მოემსახურა საღვთო საქმეს, იმიტომ რომ უფალ იესო ქრისტესთვის, ჩვენი შემოქმედისთვის, ღვთის სიტყვის ქადაგება – ეს არის ყველაზე დიდი საქმე და ყველაზე დიდ საქმეს მოემსახურნენ მომავალი მოციქულები – პეტრე, მაშინ – სვიმეონი, და ასევე გაუწია, რა თქმა უნდა, ასეთი საოცარი მორჩილება: „შენი სიტყვებისთვის მოვისვრი ბადესო“.

აი, ეს მონაკვეთი რაზე გვაფიქრებს, ძვირფასო ძმებო და დებო ჩვენ?! – იმაზე, რომ მთელი ღამე იშრომეს, ვერაფერი შეძლეს და ერთი სიტყვით, ღმერთის ერთი ლოცვა-კურთხევით როგორი შემოსავალი მიიღეს. ჩვენს ცხოვრებაშიც ასეა ხშირად. რამდენჯერ გვსმენია ადამიანებისგან, რომ დიდხანს ვშრომობ, თითქოს კარგად ვშრომობო, მაგრამ შედეგი, წარმატება არ აქვთ ადამიანებს, წარუმატებელი, უმადლო, უიღბლოა თითქოს მრავალი ჩვენგანის შრომა, იმიტომ რომ გვავიწყდება უფლის ლოცვა-კურთხევა, გვავიწყდება, მივმართოთ ღმერთს, ავიღოთ მისგან ლოცვა-კურთხევა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გვივწყდება, რომ ღმერთის მადლის გარეშე არცერთი საქმე წარმატებული არ იქნება.

იაკობ მოციქული ამბობს ასეთ სიტყვებს: გსურთ და არ გაქვთ, იმიტომ რომ არ ითხოვთ. „ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ“ (იაკობ. 4:3), თქვენივე ვნებები რომ დააკმაყოფილოთ, ისევ იმისთვის ითხოვთო, არასწორად ითხოვთ და ამიტომ არ გეძლევათო. უფალი იესო ქრისტე სახარებაში ასევე ამბობს: „უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ“ (იოან. 15:5). დავით წინასწარმეტყველის ცნობილი სიტყვები მინდა გაგახსენოთ: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიანმაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნიმისნი“ (ფს. 126:1), ანუ გუშაგნიდარაჯნიმისნი. ასე რომ, აი, რა შეიძლება დაუდგეს წინ ღმერთის ლოცვა-კურთხევას, რომელი წინააღმდეგობა, რომელი შეფერხება?! და რამდენი წინააღმდეგობა შეიძლება შეგვხვდეს ცხოვრებაში ადამიანებისგან, ბოროტი სულებისგან, ჩვენივე უგუნურებისგანდა არასწორად წარმართული საქმისგან.

ასე რომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლოცვა-კურთხევის აღებას, მით უმეტეს, დიდ შრომას არ წარმოადგენს, რომ პირჯვარი გადავისახოთ და უფალს ვთხოვოთ: „დამლოცე, დამილოცე ეს საქმე, მიკურთხეეს საქმე“ და თუ გვყავს მოძღვარი, რომელთანაც მივალთ, გავესაუბრებით და ლოცვა-კურთხევას ავიღებთ, მთლად უკეთესია. აი, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება – ლოცვა-კურთხევის ძალასა და მნიშვნელობაზე.
ვიმეორებ, მთელი ეს სახარება იგავივითმოქმედებს. შემდეგ პეტრეს, იაკობსა და იოანეს თავზარი ეცემათ, ამ სასწაულს რომ ხედავენ, იმდენად გაკვირვებული და გაოცებული არიან, რომ შეეშინდებათ, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აწყდება ზებუნებრივ მოვლენას, ასეთი რეაქცია აქვთ. პეტრე მუხლებში უვარდება უფალ იესო ქრისტეს და ეტყვის: „გამშორდი, უფალო, მე არ ვარ ღირსი, შენთან ერთად ვიყო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ“.

ეს კი მეორე გაკვეთილი ჩვენთვის: პეტრეშიგაიღვიძა სინანულმა, პეტრემ დაინახა ჭეშმარიტება, მას თვალი აეხილა. აი, ამ მოქმედების შედეგად მან დაინახა, რომ ის ცოდვილია. ეს არის ყველაზე დიდი ხედვა და ჭვრეტა საერთოდ, რაც კი სჭირდება ადამიანს, რომელსაც სურს, შეუდგეს ქრისტეს, რომ დაინახოს, განიცადოს და ჰქონდეს „განცდაი თვისთა ცოდვათა“, რაც პეტრემ გამოავლინა.
უფალი მიუგებს მას: „ნუ გეშინიათ, ამიერიდან კაცთა მესათხევლები იქნებით“. ანუ მონადირენი კაცთა, მოინადირებთ ადამიანებს ცათა სასუფევლისთვის. ასეთი ლამაზი შედარება მოჰყავს უფალს და შემდეგ აღნიშნულია, რომ მოციქულები ტოვებენ ამ ნავებს, ტოვებენ ამ საოცარ შემოსავალს, რომელიც არასდროს ჰქონიათ, ისინი გულით კი არ მიეჯაჭვებიან ამ მატერიალურ მონაგებს, არამედ, პირიქით, ტოვებენ ამ ყველაფერს და შეუდგებიან ქრისტეს და ხდებიან მისი მოციქულები.

აი, ასეთია, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი სახარება, რომელიც გვაფიქრებს იმაზე, რომ თუ გვინდა, გვქონდეს წარმატება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს საქმიანობაში, ჩვენს წამოწყებებში, დღეს რამდენ ადამიანს ვხედავთ, რომლებიც იწყებენ ისეთ ღონისძიებებს და საქმეებს, რომლებიც აშკარად არ არის ღვთისგან დალოცვილი, არსად არ არის ღვთის ნებით. ყოველთვის უნდა გამოვითხოვოთ ღვთის ლოცვა-კურთხევა და ყოველი საქმე უნდა დავიწყოთ ლოცვით.

და მეორე, რაც პეტრემ გამოავლინა, ეს არის დიდი სიმდაბლე, დიდი მორჩილება უფლისა და ასევე ის, რომ გულით არ მიეჯაჭვომატერიალურს. ეს არის საოცარი, რომ ადამიანმა, რომელიც იქ მთელი ცხოვრება თევზაობდა და ცხოვრებაში პირველად ასეთი დიდი შემოსავალი მიიღო, ამ შემოსავლით კი არ მოიხიბლა, ვიმეორებ, გულით კი არ მიეჯაჭვა ამ მატერიალურ ღირებულებას, არამედ აღაპყრო თავისი გონება, მადლობდა უფალს და შეუდგა ქრისტეს, რაც არის ჩვენთვის მაგალითი, რომ ჩვენც, როდესაც ვიღებთ მატერიალურ თუ ამქვეყნიურ შეწევნას ღვთისაგან, არ მივეჯაჭვოთ მას გონებითა და გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“, ამინ.

„დღეს ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში, ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ.

გვინდა, მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს, ვილოცოთ მათი სულებისთვის, ვუსურვოთ ღვთის შეწევნა, წყალობა და ცხონება, მათ ოჯახებს კი გაძლიერება და სიმტკიცე სარწმუნოებაში, ღვთის მადლი ჰქონოდეთ მათ.

დღეს ჩვენ გადავიხდით პანაშვიდს, სადაც მოვიხსენიებთ შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულებს“, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები