დღეს არსებული ვითარების შეცვლის ერთადერთი შანსი არის, რომ ”ერთ კონკრეტულ საკითხზე ჩამოვყალიბდეთ”-ლაშა ტუღუში

დღეს არსებული ვითარების შეცვლის ერთადერთი შანსი არის, რომ ”ერთ კონკრეტულ საკითხზე ჩამოვყალიბდეთ”-ლაშა ტუღუში

არ შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შევთანხმდეთ ბევრ საკითხზე და გამოვტოვოთ მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებები, -ამის შესახებ ექსპერტმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.

ტუღუშმა არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს არსებული ვითარების შეცვლის ერთადერთი შანსი არის, რომ ”ერთ კონკრეტულ საკითხზე ჩამოვყალიბდეთ”.

”თუ გვინდა რეალურად შევცვალოთ ის ვითარება, რომელიც გვაქვს, ერთადერთი შანსია, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე ჩამოვყალიბდეთ. თუ ერთი კონკრეტული საკითხი არ იქნება, მაშინ უნდა იყოს ორი მიდგომა. ან უნდა ვთქვათ, რომ ბევრი რამ არ ვარგა კონსტიტუციაში, ერთხმად გამოვითხოვოთ ის და თავიდან დავწეროთ, ან მეორე, საკითხების ფართო სპექტრში ადამიანის უფლებები უნდა მოხვდეს. შედგენილ დოკუმენტში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ადამიანის უფლებებზე. არაფერს ვამბობ მიწის საკითხზე, რომელიც ასევე გამოტოვებულია. მნიშვნელოვანია, რომ 18 თუ 20 პარტია თანხმდება, მაგრამ არ შეიძლება შევთანხმდეთ ბევრ საკითხზე და გამოვტოვოთ მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ადამიანის უფლებები. თვითმიზანი არ არის მივიღოთ კონსენსუსი. თვითმიზანია მივიღოთ უკეთესი კონსტიტუცია და უკეთეს კონსტიტუციაში მთავარი არის საარჩევნო საკითხი. როცა არც იქით ხარ და არც აქეთ, ჩემი აზრით, შედეგი მაინცდამაინც სახარბიელო არ იქნება. თუ უმრავლესობა შეთავაზებას გაიზიარებს, მივესალმები, უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ტაქტიკურად ნაბიჯები სწორად არის გადადგმული. იქ ასევე იდეურადაც არ არის მისაღები საკითხების წრე და მიმაჩნია, რომ კიდევ სხვა საკითხებიც უნდა იყოს შესული”, – განაცადა ლაშა ტუღუშმა.

ის მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შემთხვევაში კონსენსუსის მიღწევა გაცილებით რეალური იქნებოდა.

”როცა ხუთ საკითხზე თანხმდები და ის კიდევ ჩაშლილია, ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში ალბათ ყველა პრობლემური ნაბიჯი უნდა ყოფილიყო შეტანილი. როცა ასე არ შვრები, ეს ნიშნავს, რომ არც იქით დგამ ნაბიჯს და არც აქეთ. ასეთი ნაბიჯის გადადგმა მაინცდამაინც პრაგმატული არ არის”, – აღნიშნა ტუღუშმა.

კატეგორიები: პოლიტიკა
ტეგები: ტუღუში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები