დღეს, 22 იანვარს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, გეგმიური აფეთქებისას სამი მუშა დაშავდა

დღეს, 22 იანვარს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, გეგმიური აფეთქებისას სამი მუშა დაშავდა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაშავებული, 61 წლის დავით მელქაძე მძიმე მდგომარეობაშია და რომ ის თავად დამსაქმებელმა ჩასვა მანქანაში სამედიცინო პუნქტში წასაყვანად.
ილია ლეჟავას ცნობით, დანარჩენი ორი მუშა შედარებით მსუბუქად დაშავდა. თუმცა, მისივე თქმით, სხეულზე დაზიანებები მათაც აქვთ.
რკინიგზელთა პროფკავშირის ინფორმაციით, 58 წლის ფირუზ გოგნაძე ხერხემლისა და ზურგის ტრამვით გადაყვანილია ხაშურის საავადმყოფოში. ხოლო, 45 წლის ნიკოლოზ კაკიაშვილს კიდურების მოტეხილობა აქვს.
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა საქართველოს რკინიგზის მიერ დაქირავებული ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო.
შინაგან საქმეთა სამინისტრიოს ცნობით, საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სოფელ ბეჟათუბანში ამავე კომპანიის ათეულობით თანამშრომელი 16 იანვარს გაიფიცა. ორი დღის განმავლობაში დასაქმებულები აცხადებნენ, რომ დამსაქმებლის მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული და მუშაობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია
მსგავსი სიახლეები

სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

ფოთში, ნაბადის უბანში, გამთენიისას მომხდარ ძლიერ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
