დღეიდან საქართველო-უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

დღეიდან საქართველო-უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

დღეიდან საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, 2019 წლის პირველი მარტიდან უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის.
“ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცების, ადამიანებს შორის კონტაქტის გაღრმავების კიდევ ერთი მაგალითი და ნაბიჯია. ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გაამარტივებს ადამიანების გადაადგილებას სახელმწიფო საზღვრებზე, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ტურიზმის განვითარებასაც“, – განაცხადა კონსტანტინიდიმ.
საქართველო-უკრაინას შორის ID ბარათებით გადაადგილების საკითხზე განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამაც გაავრცელა.
„2019 წლის პირველ მარტს ძალაში შედის უკრაინის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს მთავრობას შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების ურთიერთგაუქმების შესახებ და უვიზო რეჟიმთან ერთად შემოღებულია უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) მიმოსვლა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები