დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ბრალდებულის ექსტრადირება მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე განხორციელდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 21 აპრილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

საქმე ეხება 2014 წელს მომხდარ დანაშაულს. დედა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული ვასილ გოშაძეა, რომელიც სასჯელს უკვე ორი წელია იხდის.
გამოძიების თანახმად, 2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 48 წლის ნატო კვეზერელის ცხედარი იპოვეს, ხოლო მისი შვილი – 28 წლის გურამ კვეზერელი გაუჩინარდა.

ცნობისათვის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა საპროცესო გარიგების შედეგად გაიხსნა – 2015 წლის დეკემბერში ნარკოტიკების რეალიზაციისათვის დაკავებულმა ვასილ გოშაძემ სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, სამართალდამცველებს თაროზე შემოდებულ საქმეზე აღიარებითი ჩვენება მისცა.
შედეგად, 20 აპრილს, კოჯორში ერთ-ერთი სახლის ეზოში კასრში ჩამარხული გურამ კვეზერელის ცხედარი იპოვეს.

დედა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ყუფარაძის საბერძნეთიდან საქართველოში ექსტრადირების შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საბერძნეთიდან საქართველოში, დამამძიმებელ გარემოებებში ნ.კ.-ს და გ.კ.-ს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის გ.ყ.-ს ექსტრადირება განხორციელდა.

გ.ყ.-ს მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს 2016 წლის 21 აპრილს მიმართა. პარალელურად, უწყებამ, ბერძნულ მხარეს გ.ყ.-ს წინასწარი დაკავების თხოვნით მიმართა. 2016 წლის 3 ივნისს ათენის ინტერპოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გ.ყ. საექსტრადიციო პატიმრობაში აიყვანეს, რის საფუძველზეც, ქართულმა მხარემ 2016 წლის 14 ივნისს მისი ექსტრადიცია მოითხოვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, გ.ყ.-ს საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. იგი ამჟამად შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ბერძენმა სამართალდამცავებმა გ.ყ. საქართველოს და საბერძნეთის სამართალდამცავების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დააკავეს მას შემდეგ, რაც 2016 წლის 5 აპრილს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესთვის ცნობილი გახდა, რომ გ.ყ. ქ. ალექსანდრუპოლისში ვინმე პოჰლოდკოვ მიროსლავის გაყალბებული პასპორტით იმყოფებოდა.
გ.ყ.-ს ბრალად ედება ნ.კ.-ს და გ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის დეკემბერში, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ყ.-მ და ვ.გ.-მ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ანგარებით, ქ.თბილისში, დაბა კოჯორში მდებარე აგარაკზე, დანის რამდენიმე დარტყმით მოკლეს გ.კ., შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი წინასწარ შეძენილ პლასტმასის კასრში მოათავსეს და მისი დაშლის მიზნით, ქიმიური მჟავა ჩაასხეს. ვინაიდან გვამი არ დაიშალა, მათ კასრში ცემენტი ჩაყარეს და აგარაკის ეზოში დამარხეს. იმავე დღეს გ.ყ.-მ და ვ.გ.-მ, ქ.თბილისში, თბილისის ზღვაზე მდებარე ნ.კ.-ს და გ.კ.-ს საცხოვრებელ ბინაში, დანის ჩარტყმით ნ.კ. მოკლეს, შემდეგ კი ფარულად დაეუფლნენ ბინაში არსებულ დაახლოებით 12 000 აშშ დოლარს, ე.წ. „ლეპტოპს“, საბუთებს, ბანკის ბარათებს, ოქროს ნივთებს, გ.კ.-ს სახელზე რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამჟამად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები