დავითაშვილების საგვარეულო მარანს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დავითაშვილების საგვარეულო მარანს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფ.ელ კალოუბანში მდებარე დავითაშვილების საგვარეულო მარანს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 16 თებერვლის შესაბამისი ბრძანებით მიიღო.

მარანი დავითაშვილთა საგვარეულო ნაგებობაა. აშენებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი და რიყის ქვით და აგურით. ქვედა წყობა რეგულარულია, შემდეგ კი თევზიფხური ენაცვლება. მარანი მაღალია, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული. აღმოსავლეთ ნაწილში მთელს სიგანეზე ქვის საწნახელია ამოყვანილი, რომელსაც სატუჩე დაბლა, შუა ნაწილში აქვს. კედლები თაღნარებით სიმაღლეში ორ ნაწილადაა გაყოფილი.
საწნახლის თავზე აღმოსავლეთის კედლის ზედა ნაწილში სამი შეისრული თაღია. საწნახლის გვერდით პატარა სწორკუთხა ნიშაა, რომელშიც წყაროს სადინარია გაკეთებული, ასე წყალი საწნახელს მიეწოდებოდა, იქვე, პატარა ნავის ფსკერზე დატანებული სადინარით კი ზედმეტი წყალი გარეთ გადიოდა. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში, თაღებს შორის მცირე ზომის ასევე თაღოვანი ბუხარია, რომელსაც საკვამური კედელში აქვს ჩაშენებული.
დასავლეთი კედელი მთლიანად შესასვლელს ემსახურება. ჩრდ. ნაწილში თაღოვანი შესასვლელია, რომელიც მუხის კარით იკეტება. ღიობის სამხრეთით ერთი სათოფურია, ხოლო მის ქვემოთ კარის დირის გასაყრელი ხვრელი. კედლის დანარჩენი ნაწილი, ცენტრალური ნაწილი დიდ თაღს უჭირავს. საჭიროების შემთხვევაში ეს კედელი ინგრეოდა და აქედან ყურძენი შექონდათ მარანში. შემდეგ ისევ ხდებოდა თაღის ამოშენება. მარანი გადახურულია ორ დედაბოძზე დაყრდნობილი ხის კონსტრუქციით. დედაბოძებიდან ერთი მარნის შუაშია აღმართული, მეორე, უფრო მცირე ზომის კი ზედ საწნახლის კედელზეა დადგმული. იატაკი მიწატკეპნილია და მასში სხვადასხვა ზომის ქვევრებია ჩაყრილი, რომლეთაც შუაში გახვრეტილი მრგვალი ქვები აქვს სახურავად.
მარანი თითქმის მიწაში ზის, სანამ მასზე სახლი აშენდებოდა, გადმოცემით მიწური გადახურვა ქონია. ასე მარანი მუდმივად ერთ ტემპერატურას ინარჩუნებდა.
მარანს დასავლეთიდან მცირე დერეფანი აქვს გაკეთებული, რომელშიც მარანში ჩასასვლელი კიბეებია.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები